ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები იწყებენ პროექტს კანონმდებლობაში ნიშნობის იძულებასთან დაკავშირებით ახალი ნორმის შესატანად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას საკანონმდებლო წინადადება და შევიდეს ახალი ნორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ნიშნობის იძულებასთან დაკავშირებით.
პროექტის ხელმძღვანელები არიან პროფესორი – კახა ძაგანია და ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
,,ჩვენ ვართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტები, გულჩინა ახმედოვა და ელენე ჭიპაშვილი. პროექტს ხელმძღვანელობენ პროფესორი კახა ძაგანია და ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ნიშნობის იძულება. საყურადღებოა ის, რომ ევროპული კონვენციის მე–6 მუხლი აღიარებს ბავშვთა უფლებებს, ასევე, მოქალაქეების ამ ქმედებით პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლი, რომელიც ეხება ადამიანის ღირსებას. არასრულწლოვანთა ნიშნობის იძულება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მთელს მსოფლიოში. ცხადია, საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში არ არის კონკრეტული ესა თუ ის ნორმა ნიშნობის იძულებასთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ექცევა ქორწინების იძულებით დაცულ სფეროში, რაც, ჩვენი აზრით, არ არის მართებული და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზე მიუთითებს. ხშირ შემთხვევაში, როგორც სასამართლო, ასევე სხვა ადმინისტრაციული ორგანო მიმართავს კანონის ანალოგიას ნიშნობის იძულებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტისას. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია, 2021 წლის 8 თებერვალს გავრცელებული მოვლენები. კერძოდ, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ. სოციალურ ქსელში ფოტო აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, გიუნელ მოვლუდმა გაავრცელა. ის წერს, რომ ფოტოზე ასახულია აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების, 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის “ნიშნობა”. ამასთან, ფოტოზე ჩანს ტორტი, რომელსაც აწერია “ხელის თხოვნისთვის” დამახასიათებელი სტანდარტული სიტყვები. სტატუსის ავტორის თქმით, ისინი ფონიჭალაში ცხოვრობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს. სამინისტროს მიერ გამოყენებული ეს კონკრეტული რეგულირებაც ცხადჰყოფს, რომ შსს-მ გამოიყენა ქორწინების იძულებასთან დაკავშირებული რეგულირება და არა ნიშნობის იძულებასთან დაკავშირებული იმიტომ, რომ ეს უკანასკნელის შესახებ კანონში არ არის დებულება. 8 თებერვალს მომხდარ მოვლენაში საქმე გვაქვს არა უშუალოდ ქორწინების იძულებასთან, არამედ ნიშნობის იძულებასთან. აღნიშნულ შემთხვევაში არცერთი მხარე არც 11 წლის არასრულწლოვანი (გოგო) და არც 15 წლის არასრულწლოვანი (ბიჭი) ვერ გაიაზრებს, მშობლების ასეთმა ქმედებამ ანუ ნიშნობის იძულებამ რა შეიძლება გამოიწვიოს. ამ კითხვის პასუხი ასეთია: განვითარების შეღუდვა, დამოუკიდებლობის შეზღუდვა, აზრის გამოხატვის შეზღუდვა, განათლების უფლების შეზღუდვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის დაუმყარებლობა და ა.შ. აღნიშნულ შემთხვევაში ირღვევა როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებები, ისევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის დებულებები, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის კონკრეტული ნორმები, რომლებიც დაკავშირებული ბავშვის უფლებებთან და ა.შ. მეორეს მხრივ, ვეთანხმებით იმ ფაქტს, რომ ნიშნობაც გარკვეულწილად ქორწინებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ პრაქტიკაში ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ნიშნობის იძულებამ გამოიწვია ისეთი საზარელი შედეგი, რომ, ფაქტობრივად, არც რეგისტრირებული და არც არარეგისტრირებული ქორწინება არ შემდგარა, მაგრამ სახიფათო შედეგი მაინც დადგა. მაგალითად, ასეთ შედეგად შეიძლება, ჩაითვალოს სუიციდი (თვითმკვლელობა) – სოციოლოგ ინგა იმნაძის თქმით, თვითმკვლელობაზე მრავალი სოციალური ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, სოციალურიფონი, ურთიერთობა საზოგადოებასთან, თვითდამკვიდრების პრობლემა, ოჯახური მდგომარეობადა ა.შ. ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ნიშნობის იძულებას ამ ყველაფრის რეალიზაცია შეუძლია, რაც ძალზედ საზარელი ფაქტია.
ბოლოს, ზემოთჩამოთვლილის საფუძველზე, ჩვენ გვსურს, შევქმნათ საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის საფუძველზე და გვსურს ცვლილებები შევიტანოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლში და გვსურს, შევიტანოთ ახალი ნორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ნიშნობის იძულებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის ფაქტების პრევენცია და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის შევსება”, – ნათქვამია პროექტის ინიციატორების ინფორმაციაში.