გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება, მოხდეს რეინფიცირება – პაატა იმნაძე
„რეინფიცირების კუთხით ზედამხედველობა დავამყარეთ 140 შემთხვევაზე, აქედან 100-მდე ჩაითვალა შესაძლო შემთხვევად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძემ ასევე ისაუბრა, თუ რამდენ ხანში შეიძლება, მოხდეს ადამიანის რეინფიცირება გამოჯანმრთელების შემდეგ.
„რეინფიცირების კუთხით ზედამხედველობა დავამყარეთ 140 შემთხვევაზე, აქედან 100-მდე ჩაითვალა შესაძლო შემთხვევად. დღეისათვის დარჩენილია 19 შემთხვევა, როდესაც მოძიებულია პირველი და მეორე PCR-ტესტის შედეგები. 3 შემთხვევაში ნამდვილად დადასტურდა რეინფიცირება, ერთში კი საქმე გვქონდა აბსოლუტურად იმავე შტამთან, ანუ ეს იყო არა რეინფიცირება, არამედ ვირუსის პერსისტენცია, რომელიც გრძელდებოდა სამი თვე. ერთი რეინფიცირება დაფიქსირდა 2,5 თვეში, ერთი დაახლოებით 3 თვეში, კიდევ ერთი დაახლოებით 3,5 თვეში. ეს მოვლენა არაა ძალიან ხშირი, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს. ერთი ადამიანიდან მეორეზე რომ გადადის ვირუსი, იქ უკვე რაღაც იცვლება, ამიტომ, ერთი და იგივე შტამი ვერ იქნება, ხოლო როდესაც ბევრი რაღაც იცვლება, იმას უკვე ახალი შტამი ეწოდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.