თამარ გაბუნია: ჩინური წარმოების ვაქცინები – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმო-ს ავტორიზაციას თვის ბოლომდე ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინები – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას თვის ბოლომდე ელოდებიან.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები არაეფექტურია და მაშინვე გაკეთდა განმარტება, რომ ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. რეალურად, განცხადება შეეხებოდა ვაქცინების ეფექტურობის გაზრდის შესაძლო გზებს სხვადასხვა ვაქცინის კომბინირების გზით და არ შეეხებოდა კონკრეტულად „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ დაბალ ეფექტურობას. რაც შეეხება კონკრეტულად „სინოფარმს“, მისი ეფექტურობის შესახებ მონაცემები არსებობს რამდენიმე კვლევიდან. ეს მონაცემებია ერთი 79%-მდე, ხოლო მეორე – 86%-მდე. „სინოვაკთან“ მიმართებაში ბრაზილიის კვლევაში გამოვლინდა 51%-იანი ეფექტურობა. ეს იყო ერთ-ერთი კვლევა, რაც ამ მიმართულებით ჩატარდა, დანარჩენი კვლევები მიმდინარეა და ყველაფერს შეისწავლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რაც აპრილის ბოლომდე იქნება საფუძველი იმისთვის, რომ ამ ვაქცინებს მიენიჭოს შესაბამისი ავტიორიზაცია. წინასწარი დასკვნა, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების კომიტეტის შეხვედრიდან, ორივე ვაქცინასთან მიმართებაში საუბარია იმაზე, რომ მათი ეფექტურობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ჯერჯერობით მონაცემები 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში შეზღუდულია და ექსპერტთა ჯგუფს უჭირს პირდაპირი გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, რამდენად შეიძლება ამ ვაქცინების გამოყენება 60 წელს ზევით ადამიანებში. დღეს მსოფლიოს 35 ქვეყანაშია „სინოფარმი“ ავტორიზებული და ჩინეთს დაახლოებით 230 მილიონი დოზა აქვს გაყიდული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები