ბექა ფერაძე: გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით – სამი პირის მიმართ გამოყენებულმა სანქციამ ჯამში 22 000 ლარი შეადგინა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ მიმდინარე წლის 10-11 აპრილს 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი გამოავლინა.
კერძოდ, მისი განმარტებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში იმართებოდა ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება, სადაც რეგულაციების უხეში დარღვევით, დიდი რაოდენობით მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
„შრომის ინსპექციამ შსს-ის საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, მიმდინარე წლის 10—11 აპრილს გამოავლინა სამართალდარღვევის 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სისტემატურად, ბოლო დღეების განმავლობაში იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით. სახეზე გვქონდა ფიზიკური და იურიდიული პირების ერთობლივი ქმედება, ერთგვარი სქემა, რომელთა ერთობლივი ქმედებებით ქვეიჯარის და მოიჯარის სიმრავლით ხდებოდა ფაქტობრივად შენიღბვა სამართალდარღვევის და მუდმივად, ყოველი ინსპექტირების ჯერზე გვხვდებოდა ახალი ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც იწყებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შეიცვალა კანონმდებლობა და დადგენილებით გახდა აკრძალული ფართის გადაცემა სოციალური ღონისძიების, ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, როცა ჩვენ პრეცენდენტულად გამოვავლინეთ მას შემდგომ აღნიშნული ფაქტი და გვქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფართზე იმართებოდა სოციალური ღონისძიება, პრევენციულად 10 აპრილის დილიდან დაიწყო გაფრთხილება აღნიშნული ფართის მესაკუთრის, ისევე როგორც მოიჯარის და ქვემოიჯარის მიმართ, სადაც ვახდენდით მოწოდებას, რომ ეს იყო კანონდებლობით აკრძალული საქმიანობა და შესაბმისად, მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება, ამის მიუხედავად, გუშინ გვიან ღამით დაიწყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება და საზოგადოებამ ნახა მასშტაბი ამ ღონისძიების თუ რაოდენ დიდი მასშტაბით ხდებოდა რეგულაციების დარღვევა. ფაქტობრივად, რამდენიმე ასეული ადამიანი ერთ კონკრეტულ სივრცეში ახდენდა ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით ღონისძიების გამართვას და რაც ამ შემთხვევაში პრეცენდენტული არის, შრომის ინსპექციამ გამოიყენა სანქცია და ერთი სამართალდარღვევისთვის, ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ ეს არის წინასწარ განზრახული სამართალდარღვევის სქემა, სადაც მეიჯარის, მოიჯარის და სუბიექტების სიმრავლით ჰქონდათ მიზანი, რომ შეენიღბათ ეს ღონისძიება, სამივე მათგანის მიმართ იქნა სანქცია გამოყენებული. ფიზიკური პირის მიმართ იყო 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 000 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 22 000 ლარი.
გარდა ამისა, ვიმსჯელეთ და რადგან ღონისძიების მასშტაბი იყო საკმაოდ დიდი და არ არსებობდა არავითარი რეგულაცია, რომლის დაცვის ვალდებულებაც ამა თუ იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს ჰქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება იქნება გათვალისწინებული.
შრომის ინსპექცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესსუბიექტს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს არანებადართულ საქმიანობაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის შემცველია საზოგადოებისთვის და ვინაიდან, ზოგადად ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ეს ქმნის რისკს ბიზნეს-სუბიექტებისთვის შემდგომი შეზღუდვების დაწესებისა, ამიტომ გავუფრთხილდეთ ყველა კეთილსინდისიერ მეწარმეს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც რეგულაციებს იცავს”, – განაცხადა ფერაძემ.