გიგა ბოკერია: ვწუხვარ, რომ გიგი უგულავამ დღესაც თავი ვერ შეიკავა პოლიტიკური ჩხვლეტისგან

ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავამ თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან, მაგრამ მე მას მინდა, ისევე როგორც ყველა სხვას, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე გავლილი გზისთვის,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ახლად არჩეული ლიდერი გიგა ბოკერია პარტიის უკვე ყოფილი წევრის გიგი უგულავასგანცხადებას, რომ ბოკერიასთან ერთად პარტიაში ყოფნა უკვე შეუძლებელი იყო.

ბოკერიას თქმით, პარტიიდან აქამდეც წასულან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის, ელენე ხოშტარია, რომლებსაც მსგავსი ტიპის თავდასხმებისგან თავი შეუკავებიათ.

„პატივს ვცემ გიგი უგულავას არჩევანს და წარმატებას ვუსურვებ ყველაფერში, რაც „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი გუნდის ფასეულობებთან თანხვედრაში იქნება. იქამდეც ჩემთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ადამიანებს სხვა გზა აურჩევიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ მოქცეულა, ზოგი ნაკლებად უკეთ, მაგრამ ამ ტიპის თავდახმებისგან ზოგს თავი შეუკავებია. ელენე ხოშტარია წავიდა, თავის გზაზე დადგა, მაგრამ ასეთი უსიამოვნო კომენტარები მისგან მე არ მომისმენია და დღეს ის არის ჩემთვის არა მხოლოდ მეგობარი, არამედ პარტნიორი და მე ვისურვებდი, რომ ყველა ასე იყოს,“- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის ღირებულებები, ფასეულობები და ხედვა, რაც „ევროპულ საქართველოს“ აქვს, მოსახლეობამდე მიიტანონ და ამ შემთხვევაში, პარტიას ბევრად დიდი მხარდაჭერა ექნება.

„იმ ნიაღვარის ფონზე, ცილისწამებისა და სიძულვილის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით ამ გუნდზე მოდის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისგან, მაგრამ არა მარტო მათგან, ჩვენ ასჯერ უკეთ უნდა ვიმუშავოთ დღეიდან, ვიდრე აქამდე ვმუშაობდით, რათა ეს ხედვა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე და მაშინ, ბუნებრივია, ჩვენი მხარდაჭერა აუცილებლად გაიზრდება,“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს “ევროპული საქართველოს” პარტიის ყრილობა გაიმართა, სადაც  თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვეს დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ,, გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები