კელი დეგნანი: 1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი (ვიდეო)

“1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის კომენტარს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი. ბერლინის კედლის დაცემიდან ტიანანმენის მოედანზე გმირულ გამოსვლამდე, მსოფლიო უყურებდა, როგორ დადგნენ მოქალაქეები დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად; ბალტიის ქვეყნებში ორმა მილიონმა ადამიანმა სოლიდარობის ნიშნად ხელი ხელს ჩაკიდა; უნგრეთში გახსნეს საზღვარი ავსტრიასთან პიკნიკის მოსაწყობად, ხოლო აქ, საქართველოში 9 აპრილს 21-მა ადამიანმა უმაღლესი საფასური გადაიხადა, ასობით ადამიანი კი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით თავისუფლებისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს. დღეს პატივს მივაგებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რათა უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავალი გვქონდეს. მოდით, ვიყუროთ ასევე წინ სიამაყით, რადგან ჩვენ ამერიკელები და ქართველები ვზეიმობთ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს”, – აცხადებს დეგნანი.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები