თენგიზ ცერცვაძე: ჩვენთან კორონავირუსის მესამე ტალღა ჯერ არ არის – შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანი გახდა,  კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს, რათა თქვან, რომ სახელმწიფომ ვითარების მართვა სათანადოდ ვერ უზრუნველყო.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, ჯერჯერობით, არ არის.

„მართალია, დღეს შემთხვევების რაოდენობა ცოტა არ არის, ბევრია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით 200-ით შემცირდა. აი, ეს მაფიქრებინებს, რომ ჯერ ის, რაც ასე ძალიან არ უნდა ქვეყნას, ყველა ნორმალურ ადამიანს,  ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა კიდეც. შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა,  შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა. ვგულისხმობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც „ფეისბუქზე“ აქტიურობს, თუ რამე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა გარდაცვლილთა ან ავადმყოფების რაოდენობის შემცირების ან რაღაც ტენდენციის შემცირებაზე, უკმაყოფილონი არიან და ილანძღებიან. როდესაც ოპტიმისტურ ინფორმაციას აქვეყნებ და ამაზე არის უკმაყოფილება, ლანძღვა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ეს ოპტიმისტური ინფორმაცია ხელს არ აძლევთ. საბედნიეროდ, ასეთი არის მოსახლეობის უმცირესობა. მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა. დღეს რომ შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, არამედ მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები