რა ვითარებაა კლინიკებში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე
კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, სახელმწიფო კლინიკებში ადგილები თითქმის აღარ არის.
როგორც “კვირას” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, კლინიკაში ასობით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ადგილები კი – ფაქტობრივად, აღარ არის.
მისივე თქმით, ინფიცირებულების რაოდენობის მომატება შესაძლოა, კერძო კლინიკებში კოვიდმიმღები განყოფილებების გაუქმებასაც უკავშირდებოდეს.
“კლინიკა სავსეა, 140 ადგილი გვაქვს ზოგადად და, პრაქტიკულად, თითქმის ყველა შევსებულია. ვერ გეტყვით, რატომ. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს ზოგადად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებას ან არის მეორეც – ჩვენ ირგვლივ არსებულ კერძო კლინიკებში აღარ ხდება კოვიდინფიცირებულების მიღება, დაიხურა კოვიდგანყოფილებები, მიზეზი არ ვიცი. არიან სხვადასხვა სიმძიმის პაციენტები”, – აღნიშნა ტურძელაძემ.
ანალოგიური მდგომარეობაა ბოჭორიშვილის კლინიკაშიც.
როგორ “კვირას” კლინიკაში განუცხადეს, კორონავირუსის დიაგნოზით, დაახლოებით, 100-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული.
,,ამ ეტაპზე, კლინიკაში თავისუფალი ადგილები არაა. რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა კლინიკებში, ჩვენთანაც ბოლო პერიოდში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობამ მოიმატა. რამდენი პაციენტია ახლა კლინიკაში, ამას ზუსტად ვერ გეტყვით და არცაა რეკომენდებული, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პაციენტი გამოჯანმრთელდება დღის განმავლობაში და გაეწერება, მაგის მიხედვით მივიღებთ უკვე ახალ პაციენტებს. დაახლოებით, 100-ზე მეტი პაციენტი გვყავს კორონავირუსით დაავადებული, ნაწილი რეანიმაციულ განყოფილებაშია, ნაწილი – ბოქსირებულ პალატებში”, – აცხადებენ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი “კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ყოველთვის ბევრი ჰყავდა.
“ჩვენ კოვიდკლინიკა ვართ და, სამწუხაროდ, რაც პანდემია დაიწყო, არასდროს გვაკლდა პაციენტთა რაოდენობა. მთელი ზაფხული და ზამთარი 100-130 პაციენტი იყო და დღემდე ასეა. ვერ გეტყვით მესამე ტალღის მოახლოებასა და პაციენტთა მატებას შორის კავშირზე, ჩემი მოვალეობაა, პაციენტს რომ მივიღებთ, მოვემსახურო და დახმარება გავუწიო”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მესამე ტალღას პროგნოზირებენ.