მედია: იტალიელი სამხედრო რუსეთის წარმომადგენელს ნატო-ს შესახებ ინფორმაციას 5 ათასი ევროს სანაცვლოდ აწვდიდა

იტალიელი სამხედრომოსამსახურე, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული, ინფორმაციას არა მხოლოდ იტალიის, არამედ ნატო-ს შესახებაც გასცემდა.

ამის შესახებ Corriere della Sera წერს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ იტალიის სამხედრო საზღვაო ფლოტის ფრეგატის კაპიტანი კონფიდენციალურ დოკუმენტებს 5 ათასი ევროს სანაცვლოდ გასცემდა.

სამხედროს ბინიდან ამოღებული მასალებით დგინდება, რომ ის, იტალიის გარდა, რუს ოფიცერს ასევე ნატო-ს შესახებ ძალზე საიდუმლო მასალებსაც გასცემდა, რითაც არა მხოლოდ ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ სხვა ქვეყნების უსაფრთხოებასაც უქმნიდა საფრთხეს.

გამოცემა წერს, რომ მამაკაცზე თვალთვალი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

დღეს გახდა ცნობილი, რომ იტალიელმა კარაბინიერებმა, რომის პროკურატურის ორდერის საფუძველზე, რომში მომუშავე იტალიელი ჯარისკაცი და რუსი ოფიცერი დააკავეს.

აღინიშნება, რომ იტალიის მოქალაქე დაპატიმრებულია – მაშინ, როდესაც “უცხო ქვეყნის მოქალაქესთან მიმართებით მისი დიპლომატიური სტატუსის დასადგენად შემოწმება მიმდინარეობს”. კარაბინერების სპეციალურ ქვედანაყოფში აღნიშნავენ, რომ დაკავება ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ დოკუმენტების გადაცემის დროს მოხდა. კარაბინიერების ინფორმაციით, იტალიელი სამხედრო რუსეთის წარმომადგენელს გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს გადასცემდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, იტალია ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს აძევებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები