ბექა ფერაძე: 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე 58 215 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა, მათგან 6 212-ს საქმიანობა შეუჩერდა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე 58 215 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა, მათგან 6 212-ს საქმიანობა შეუჩერდა. ამის შესახებ ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„2020 წლის 28 ნოემბრიდან ჩვენ, ჯამურად, განვახორციელეთ 58 215 ობიექტის ინსპექტირება და ამ პროცესში ჩართულია ყველა ის საზედამხედველო უწყება, რომელიც ამ შემთხვევაში მონაწილეობს დადგენილების მიხედვით. ეს არის მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, ფინანსური პოლიცია და ა.შ. ამ შემთხვევაში, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, 58 000-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა, საქმიანობა შეუჩერდა 6 212 ობიექტს. რეკომენდაციის აღსრულებაზე კითხვარის მეშვეობით განხორციელდა 1 000-მდე ობიექტის შემოწმება. განმეორებით ინსპექტირება განხორციელდა უკვე 16 917 ობიექტზე და დადგინდა, რომ განმეორებითმა ინსპექტირებამ გამოიღო შედეგი.
ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის მცირედი გაუარესება, მონიტორინგის ჯგუფები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას და მომავალში იქნება გაცილებით მკაცრი ზედამხედველობა. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო თითოეულ ბიზნესსუბიექტს, თავი შეიკავონ მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისგან და დაიცვან პროტოკოლი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.