არჩილ თალაკვაძე NDI-ის კვლევაზე: ოპოზიციის მხარდაჭერა სავალალოდ არის შემცირებული

NDI-ის კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს ნებისმიერ სხვა პარტიასთან შედარებით, ხოლო ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა სავალალოდ არის შემცირებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„NDI-ის კვლევა გვეუბნება, რომ მოქალაქეების პრიორიტეტები და მათი დაკვეთა არის პირველი, ეკონომიკის აღდგენა პანდემიის შემდეგ, მეორე, ჯანდაცვა, მესამე- განათლება და კიდევ სხვა საკითხები. ამის სანაცვლოდ, რას სთავაზობს მაგალითად, ოპოზიცია საზოგადოებას, სთავაზობს იმას, რომ დღეიდან 2 თვის შემდეგ რუსთაველზე შევიკრიბოთო. რამდენად ადეკვატურია ეს შეთავაზება, უკვე თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ.

მოქალაქეების დაკვეთა არის ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება და სხვა საკითხები. დღეს ვინ უშლის ამას ხელს? პარლამენტში ვინ არ არის წარმოდგენილი? არ არის წარმოდგენილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ვინ უშლის ხელს იმას, რომ ეკონომიკის სწრაფად აღდგენაზე ერთად ვიმუშავოთ და ვინ არ არის ამ პროცესში ჩართული? ოპოზიციის ნაწილი. ეკონომიკის პრობლემები პანდემიით არის გამოწვეული, მაგრამ მის მოგვარებას ხელს უშლის ოპოზიცია მაშინ, როცა პარლამენტში არ შემოდის და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 7% „ნაცმოძრაობას“ ასახელებს, სხვა პარტიებს კი ჯამში 7% აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები