თეა წულუკიანი: გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის ქვეშ ჩვენ ვიყავით წარმატებული გუნდი და ასეთებად დავრჩებით მის გარეშეც

“გიორგი გახარია არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს ეტიკეტი შეურაცხმყოფელია როგორც მისთვის, ასევე, ჩვენთვის. გიორგი გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, ყოფილი პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი და ასეთებად დავრჩებით მის გარეშეც”, – ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში შეაფასა.

კულტურის მინისტრი აღნიშნავს, რომ პრემიერის გადადგომა იმ პერიოდში გუნდისთვის დამაზიანებელი იყო.

„მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი და ძალიან გასაკვირი. მე პირადადაც ვუთხარი მას, ეს რა ქენით, ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო. ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო. თან, მე მაშინ ავად გახლდით და ეს ყველაფერი ტელევიზორში მოვისმინე და მას მე ეს გავუზიარე. დღესაც ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო ჩემთვის მიუღებელი. წასვლა ამ ფორმით, იმ დროს იყო გუნდისთვის დამაზიანებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები