გიგა ბოკერია: ბარიერის დაწევა ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთანავე აქტუალური გახდება

“ბარიერის დაწევა აქტუალური გახდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთანავე, თუმცა, პოლიტიკურ კრიზისში ამ პროექტის ინიცირება გამოიყურება, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ბარიერის დაწევა ოპოზიციის ერთიან ინტერესშია, თუმცა, ეს კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, რისთვისაც საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

„როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ 2 პროცენტამდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად ისე, რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები