თინა ბოკუჩავა: აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კრიზისი, რომელიც საქართველოშია, დაიძლიოს და ქვეყანამ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკურ გზაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს საკითხზე სენატში გუშინ გამართულმა მოსმენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-სთვის საქართველო და მისი წარმატება ევროატლანტიკურ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში არსებული კრიზისი დაიძლიოს.
„სენატორი რიშის განცხადებებში ცალსახად და მკაფიოდ იკვეთებოდა ის, რომ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და შეთანხმების მიღწევის არის ხელისუფლებაზე. ასევე, საყურადღებო იყო სენატორ შაჰინის განცხადებები, რომ ნებისმიერი დღე, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები ციხეში ატარებენ, არის გამარჯვება რუსეთისთვის. ასევე, მისი განცხადება, რომ ლეგიტიმაციის ზღურბლის გადალახვა არჩევნებისთვის საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ის დემოკრატიულად შევაფასოთ. ასევე, საყურადღებოა სენატორი რიშის კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ჩაიდოს პირობები იმ ფინანსურ დახმარებაში, რასაც საქართველო აშშ-სგან იღებს და ბოლოს, სენატორ ჯონსონის განცხადება ერთობლივი რეზოლუციის შესახებ, რომელსაც მიიღებს აშშ-ის სენატი. ამიტომ, კიდევ ერთხელ აჩვენა ამ მოსმენამ, რომ აშშ-სთვის საქართველო და მისი წარმატება ევროატლანტიკურ გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს, რა თქმა უნდა, იმედის მომცემია და მიგვანიშნებს იმაზე, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს კრიზისი, რომელიც საქართველოშია, დაიძლიოს და ქვეყანამ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკურ გზაზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.