გიორგი ვაშაძე: რთულად წარმომიდგენია, რომ ამ შეხვედრაზე დასრულდეს მოლაპარაკების პროცესი
“რთულად წარმომიდგენია, რომ ამ შეხვედრაზე დასრულდეს მოლაპარაკების პროცესი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ექვსივე საკითხზე შეთანხმება აუცილებელია.
„ჩემთვის პრინციპულია, რომ ექვსივე საკითხი აუცილებლად იყოს ამ დოკუმენტში და თითოეულზე უნდა იყოს შეთანხმება. დიდ ანგარიშს გავუწევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მგონი, ყველასთვის ცნობილია ჩვენი პოზიციები. ის რაღაც საუბრები, რომ რიგგარეშე არჩევნები ან პოლიტპატიმრების საკითხი შეიძლება, საერთოდ ამოვარდეს ამ დოკუმენტიდან და მარტო სხვა საკითხებზე მოხდება შეთანხმება, მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ამის ერთპროცენტიან შანსსაც არ ვუშვებ, რადგან ასე არ დგას საკითხი. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ამ მოლაპარაკებების პროცესზე. ეს ორივე საკითხი აუცილებლად იქნება, ტექნიკის საგანია, რაზე შევთანხმდებით კონკრეტულად.
რთულად წარმომიდგენია, რომ ამ შეხვედრაზე დასრულდეს მოლაპარაკების პროცესი“, – განაცხადა ვაშაძემ.