რას ჰყვება, კახეთში, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის მამა, რომლის ვაჟიც დაზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს

კახეთში, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი გოგონას მამა მომხდარის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ძმისგან სექსუალური შევიწროება არ ყოფილა, ეს მართალი არ არის.

მისივე თქმით, თანასოფლელი მამაკაცის გამო და-ძმას შორის კონფლიქტი ხშირი იყო.

“არ ვიცი, რა მოხდა,  ჩვენ გარეშე გოგოს დაკითხვის უფლება არ ჰქონდათ. ძმისგან სექსუალური შევიწროება არ ყოფილა, ეს მართალი არ არის. ის უფროსია და გოგოს აიძულებდა, რომ ემეცადინა, ესწავლა. ჩემი ვაჟი ახლა თბილისში პოლიციაშია. არ მინახავს, რომ მან ჩემს ქალიშვილზე ფიზიკურად იძალადა, კი ხშირად უყვიროდა, მაგრამ სხვა არ ვიცი, არ მინახავს,” – აცხადებს გოგოს მამა.

კახეთში არასრულწლოვან გოგოსთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. დანაშაული სამართალდამცველებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მომხდარის გამო გოგონას ძმა ფიზიკურად გაუსწორდა.

გამოძიება დაზარალებულის ძმას ძალადობაში, 25 წლამდე ახალგაზრდას კი 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში ადანაშაულებს.

,,ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები