საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანლის, სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებასა და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.
მისი თქმით, “საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებითა და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას”.
“მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც ხელს არ უწყობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, არსებული ისედაც ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით, ზოგადად რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამჯერად რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან აქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება და ბოლო წლებში მართლაც უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და განუხრელ სვლას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ”, – აცხადებს მახარობლიშვილი.
სერგეი ნარიშკინის მტკიცებით, “სააკაშვილის დროიდან შეერთებული შტატები შეჩვეულია საქართველოში პოლიტიკური პროცესების” ხელით მართვას” კარნახით, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს მთავრობა და რა ხაზი უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით. თეთრ სახლს აწუხებს, რომ მეოცნებეები სრულად არ ასრულებენ დირექტივას, უპირობოდ დაიცვან ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი.
საქართველოში წესრიგის აღსადგენად ამერიკელები გეგმავენ სისტემური მუშაობის ორგანიზებას ოპოზიციის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და, ამავე დროს, “ქართული ოცნების” პოზიციების შესუსტების მიზნით. აშშ ასევე განაწყობს ევროპელ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას ანიშნებენ, რომ თეთრი სახლის თბილისის მიმართ შემდგომი ხაზი განისაზღვრება საქართველოს ხელმძღვანელობის მზადყოფნით, ზუსტად შეასრულოს ამერიკელების მითითებები.
საქართველოს მაგალითი ნათლად მოწმობს იმ ფაქტს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სურვილი, მიიღონ ვაშინგტონის მფარველობა თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების სწრაფად გადასაჭრელად, იწვევს დე -ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვასა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას როგორც გარე ასპარეზზე, ასევე, საკუთარ ქვეყანაში”.