დავით ზალკალიანი: თურქეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაცია კიდევ უფრო გააღრმავებს ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას

“თურქეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაცია კიდევ უფრო გააღრმავებს ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, თურქ კოლეგასთან ერთად რეგიონში არსებული რთული პროცესები განიხილეს.

„მჯერა, რომ, რთული და სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ შევძლებთ არა მარტო გავუმკავლდეთ ამ გამოწვევას, არამედ არსებული შესაძლებლობები გამოვიყენოთ თანამშრომლობის კიდევ უფრო ეფექტურად წარსამართად, რათა მთლიანად რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და არსებული გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტებით, ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ.

ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ განვიხილეთ ის შემოთავაზებები, რომლებიც არსებობს ახალ ფორმატთან დაკავშირებით. აქ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, რომ ეს ურთიერთობები და პლატფორმები, პირველ ყოვლისა, უნდა ეფუძნებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას, როგორიც არის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „წარმატებულ თანმაშრომლობაზე, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება სამმხრივ ფორმატში -აზერბაიჯანი, თურქეთი საქართველო“.

„ამ ფორმატმა უკვე დაადასტურა საკუთარი მიმზიდველობა, რაც თარგმნილია პრაქტიკულ განზომილებაში. ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხორციელდება და კასპიის რეგიონს საქართველოს გავლით აკავშირებს თურქეთთან და შემდგომ ევროპასთან – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, „ტანაპის“ პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ეს არის ის, რითაც ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა ყველასთვის თვალსაჩინოა.

მიუხედავად პანდემიისა, ჩვენი ვაჭრობა ვითარდება, მაგრამ არის გამოუყენებელი შესაძლებლობები და ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაცია, კიდევ უფრო გააღრმავებს ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას, შესაძლებელს გახდის, რომ ჩვენი პროდუქცია, ერთობლივად ნაწარმოები პროდუქცია იყოს ადვილად მისაწვდომი, მას გზა გაეხსნას ევროპულ ბაზარზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები