რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციას არ სურს არც ხელისუფლებაში მოსვლა, არც კოალიციური მთავრობის შექმნა, მისი მიზანია საქართველოში დესტაბილიზაციის კერის შექმნა, რითაც მხოლოდ რუსეთი იხეირებს

გუშინ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ,,კვირამ“ კომენტარი სთხოვა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს:

-შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციაცა და მმართველი გუნდიც ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

-დეჟავუს განცდა მაქვს, როდესაც პოლიტიკოსთა ასეთ განცხადებებს ვისმენ. მერამდენედ?.. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 2 ტურად ტარდება. პირველ ტურზე ამომრჩეველი ყოველთვის ემოციურ ფონზე აკეთებს არჩევანს, მე-2 ტურზე კი რაციონალური ფაქტორი ჭარბობს და მოქალაქეთა არჩევანი უფრო ზომიერია. ძალიან კარგი სისტემაა, რომლითაც ფრანგები არჩევნებში რეალობასა და გონიერებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ შედეგს დებენ. ამასთან, მე-2 ტურის არჩევნების შედეგები ყოველთვის განსხვავედება პირველი ტურის შედეგებისგან. რაც უფრო ქარიზმატულია ლიდერი, მით უფრო დიდია არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის განსხვავება.

-თუ საქართველოში განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, როგორ ფიქრობთ, რა შედეგებს მივიღებთ?

-ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ხელახალ არჩევნებში შედეგებს გაიუმჯობესებს, თუმცა, ოქტომბრიდან დღემდე პოლიტიკური პროცესები ისე განვითარდა, რომ მათ წისქვილზე ნამდვილად არ დაასხა წყალი.

-რას გულისმობთ?

-მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, შესულიყვნენ პარლამენტში. დასავლეთმა ვერაფრით ახსნა ქართული ოპოზიციის ჟინიანობა. ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა ვერ გაიგო ვერც ოპოზიციურმა ელექტორატმა, რომელიც გამოჩნდა კიდეც NDI-ის კვლევებით. განმეორებითი ნარჩევნების შემთხვევაში, ,,გაუგებარი“ პარტიები საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, თვით მთავარი ოპოზიციური პარტია – ,,ნაციონალური მოძრაობაც“ კი იმაზე გაცილებით ნაკლებ ხმას მიიღებს, ვიდრე – 31 ოქტომბრის არჩევნებისას.

-თუმცა, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებამდეც და მერეც კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდა…

-არ მგონია, ოპოზიციას კოალიციური მთავრობა სურდეს. მათი მიზანია მუდმივი დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის შექმნა ქვეყანაში, მუდმივი პროტესტი და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა.

-მერამდენე არჩევნების მოთხოვნით? არსებობს რაღაც პირობა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი არჩევნების შედეგებს აღიარებენ?

-ხელახალი არჩევნები შეიძლება, მოითხოვონ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ზედა ზღვარი ვინმემ დაუწესათ? ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს, თუმცა, არ ამბობს, რა შემთხვევაში აღიარებს მის შედეგებს. რაც შეეხება თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნას, ეს არასერიოზული პირობაა, რადგან ჟვანია ისედაც ოპოზიციის მოთხოვნით დანიშნული კადრია. საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შეთხვევაში, თუ ის არჩევნების შემდეგ ოპოზიციისთვის სასურველ შედეგს ვერ დადებს, ახლა მასზეც დაიწყებენ ნადირობას. ასე რომ, არჩევნების თემა ქვეყანაში მუდმივად დუღილის ტემპერატურას შეანარჩუნებინებს ოპოზიციას. ამიტომაც მეეჭვება, რომ მათ ან ხელისუფლებაში მოსვლა ან კოალიციური მთავრობა აძლევდეთ ხელს.

-ყველა ოპოზიციურ ძალას, ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვს. რა სურს ქართულ ოპოზიციას?

-კოალიციური მთავრობის შესაძლებლობას ოპოზიცია იმთავითვე გამორიცხავს, როდესაც აცხადებს, რომ ისინი ითანამშრომლებენ ყველასთან, გარდა – ,,ქართული ოცნებისა.“ მათი მიზნები საეჭვოდ ემთხვევა ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. რუსეთის მიზანი კი ერთია: შექმნას დესტაბილიზაციის მუდმივი კერა ამიერკავკასიაში, კერძოდ კი – საქართველოში. დააკვირდით, როგორ ცდილობს ოპოზიცია, დასავლეთმა სანქციები დაუწესოს საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს, თანაც საკუთარ სურვილს ხმამაღლა ახმოვანებენ. ,,ნაციონალური მოძრაობა“ დასავლელ ლობისტებს უამრავ ფულს უხდის იმისათვის, რომ მათი მეშვეობით რამენაირად მოახერხოს საქართველოსთვის სანქციების დაწესება. ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლა ისე არ სურს, როგორც – ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. დღეს, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ამიერკავკასიაში რუსეთს, ფაქტობრივად, ამოიღლიავებული ჰყავს, რევოლუცია და არეულობა საქართველოში მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელს აწყობს. დანარჩენ მსოფლიოს სურს დაბალანსებული საქართველოს ხილვა, რადგან დასავლეთს რუსეთისგან საქართველოს დაცვა ხელს არ აძლევს. გახსოვთ, ერთხელ უკვე დაიცვა რუსეთმა საქართველო ,,ვარდების რევოლუციის“ დროს და ქვეყნის ხელისუფლებაში მისთვის ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსები მიიღო. დასავლეთის მხარდაჭერით განხორციელებული ,,ფერადოვანი“ რევოლუციების შედეგებით, მოგვიანებით, მხოლოდ რუსეთმა ისარგებლა. ასე იყო ყაზახეთში, როდესაც რევოლუციის გზით მოსულმა, ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა – წავედი მე მოსკოვშიო. დასავლეთს ახსოვს ეს მწარე გამოცდილება, ამიტომაც არ სურს საქართველოში უმართავი პოლიტიკური პროცესების დაშვება, რომლის შედეგებითაც მხოლოდ რუსეთი იხეირებს. გამოდის ისე, რომ ამერიკა რევოლუციებს ახდენს, ლიდერებს კი რუსეთი ნიშნავს.

-რით განსხვავდება რეკომენდაციები, რომელიც მიშელმა საქართველოში ჩამოიტანა იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ფასილიტატორმა ელჩებმა ქართულ სპექტრს უკვე მისცეს?

-ქვეყნის განვითარების დასავლური, მზა რეცეპტები უბრალოდ არ არსებობს. ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს საკუთარი განვითარების გზა. ვფიქრობ, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა ქვეყანაში გარდაუვალია.

-ვინ შექმნის ასეთ ძალას?

-ჩემი ვარაუდით, ყოფილი პრემიერმინისტრი – გახარია, რომელიც ისე გადადგა, რომ არ უთქვამს – პოლიტიკიდან მივდივარო. გახსოვთ, როდესაც შევარდნაძე გადადგა, განაცხადა – სახლში მივდივარო. როდესაც ივანიშვილი გაერიდა ქართულ პოლიტიკას, თქვა: პოლიტიკიდან მივდივარო. გახარიას ასეთი რამ არ უთქვამს. მისი იმიჯისა და რეიტინგის პატრონი, თანაც ახალგაზრდა კაცი, რომლის მიმართაც სიმპათიითაა განწყობილი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასე ადვილად არ წავა პოლიტიკური სარბიელიდან. ქვეყანაში განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, თუ გახარია პარტიას შექმნის, დიდი ალბათობით, ის შევა პარლამენტში. პატარა პარტიებს კი პოლიტიკური ასპარეზის დატოვება მოუწევთ.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები