საგამოძიებო სამსახურმა არადეკლარირებული საქონლის საზღვარზე შემოტანის გამო ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გერმანიაში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, განათავსა სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის, ძვირადღირებული საათები, ტყავის ნაწარმი, ბიჟუტერია და სხვა.
დანაშაულში მხილებულმა პირმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტომანქანა ბათუმის პორტის გავლით შემოიყვანა საქართველოში და არ დაადეკლარირა მასში არსებული საქონელი.
ამ ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანაში აღმოჩენილი საათების საბაჟო ღირებულება შეადგენს 11 745 ლარს, ხოლო დანარჩენ საქონელზე დანიშნულია ექსპერტიზა“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.