დავით ბაქრაძე: საზოგადოება თუ დაიწყებს, ოპოზიცია არ მოგვწონს, ამიტომ სახლში დავრჩებით და არაფერს ვიზამთო, მაშინ ყველა დავკარგავთ მთავარს, ევროპულ და უკეთეს მომავალს

“დღეს გაიმართება უფრო მცირე აქცია კანცელარიასთან და ეს იქნება დასაწყისი. ჩვენ გვექნება რეგულარული კომუნიკაცია ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ისე, როგორც – აქ მყოფ ელჩებთან. ცოტა ხანში შედგება შეხვედრა სახალხო დამცველთან, არასამთავრობო სექტორთან, ანუ ოპოზიცია გამოიყენებს ყველა მშვიდობიან პოლიტიკურ საშუალებას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ოპოზიციის ბრძოლა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის განმარტებით, ის, რაც დღეს მოხდა, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სიმშვიდეს, ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„დღეს საქართველომ უკან დაიხია ნატო-სკენ მიმავალ გზაზე – იმის გულისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეენარჩუნებინა სკამები. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ წარმატება დამოკიდებული იქნება მთელი საზოგადოების თანადგომაზე. ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება არ არის არც ირაკლი ღარიბაშვლის, არც „ქართული ოცნების“ და არცერთი ადამიანის გადასაწყვეტი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს, ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის მართლაც საუკუნოვანი ოცნების ახდენს რომ მშვიდი, ევროპული და განვითარებული ქვეყანა ვიყოთ. ეს ხელისუფლება საფრთხეა ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველოს უკან დაახევინონ ამ გზიდან. ჩვენი შვილების არის ეს ქვეყანა. თუ საზოგადოება დაიწყებს, ოპოზიცია არ მოგვწონს, „ნაციონალები“ არ მოგვწონს, იქ „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტები“ არ მიყვარს, ამიტომ, სახლში დავრჩები და არაფერს ვიზამო,  თუ საზოგადოება ამას იზამს, მაშინ ყველა ერთს დავკარგავთ, მთავარს, დავკარგავთ ევროპულ და უკეთეს მომავალს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები