მიხეილ სააკაშვილი: მოიწვიონ უცხოური საელჩოების დიპლომატები და ჟურნალისტები, რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი „ენმ“-ს ოფისში არ არსებობს
ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ენმ-ს ოფისში “იარაღების აღმოჩენას”აპირებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და წერს, რომ მხარს უჭერს ოფისში დიპლომატებისა და ჟურნალისტების მიწვევის ინიციატივას იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, არავითარი იარაღი ენმ-ს ოფისში არ ინახება.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხოლოდ „შიშველი ხელებით იცავენ თავიანთი პარტიის თავჯდომარეს“
„მე მქონდა კონსულტაცია ჩვენს ოფისში გამაგრებულ ჩემს მეგობრებთან თბილისში და მხარს ვუჭერ მათ ინიციატივას, რომ მოიწვიონ ოფისში უცხოური საელჩოების დიპლომატები და ასევე ჟურნალისტები, რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ არსებობს და არავინ არ ემზადება რაიმე სახის პროვოკაციებისთვის. მხოლოდ შიშველი ხელებით იცავენ თავიანთი პარტიის თავჯდომარეს და საკუთარ ოფისს და რომ ყველანაირი შემდგომი სპეკულაცია ამ თემაზე უნდა იყოს წინასწარვე გამორიცხული. რათა ასევე მოვუსპოთ შესაძლებლობა უზურპატორ და პროვოკატორ მთავრობას – პროვოკაციის მოწყობის, ჩადებული იარაღის ან რამე სხვა საბრძოლო მასალის გამოყენების“, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.