გურამ მაჭარაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს
“ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და დარწმუნებული ვარ, აქვს იმის რესურსი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იმ გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში, უპასუხებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი გავა, მრავალმხრივი კითხვები იქნება.
“ირაკლი ღარიბაშვილს აქვს როგორც შიდა, ისე, საერთაშორისო ცნობადობა, ის გახლავთ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და დარწმუნებული ვარ, როგორც შიგნით საზოგადოებაში, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში აქვს იმის რესურსი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იმ გამოწვევებს რაც არის ქვეყანაში უპასუხებს. ამიტომ, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე ბუნებრივია გვექნება კითხვები პრემიერობის კანდიდატთან, ასევე, მინისტრობის ნებისმიერ კანდიდატთან, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან მას სრული მხარდაჭერა ექნება.
ბუნებრივია, კითხვები მრავალმხრივი იქნება. საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები, ვაქცინის შემოდინებასთან დაკავშირებით და ა.შ.”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.