მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ქუჩას კონსტიტუციის ქუჩა ეწოდა

“2021 წლის 21 თებერვალს 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. ისევე როგორც მთელს საქართველოში ეს დღე მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც აღინიშნა”,- ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მცხეთაში შრომის ქუჩას სახელი გადაერქვა და დღეიდან მას კონსტიტუციის ქუჩა ეწოდება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, ქალაქ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ მიიღეს.

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად პირველი აბრა კონსტიტუციის ქუჩაზე სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრეს.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დღევანდელი დღე საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს. კონსტიტუცია ეს არის ქვეყნის განვითარების და დემოკრატიულობის გარანტი და ჩვენი წარმატების მთავარი საყრდენი და საფუძველი, სწორედ დღევანდელ დღეს ქალაქ მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას კონსტიტუციის ქუჩის სახელი მიენიჭა”, -განაცხადა დავით ნოზაძემ.

მცხეთა-მთიანეთის მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია.

„კონსტიტუცია ეს არის ურყევი ნება რათა დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოების სისტემა და შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ სიმბოლურად მცხეთაში შრომის ქუჩას გადავარქვით სახელი და ეწოდა კონსტიტუციის ქუჩა, მინდა ყველას მივულოცო პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავი”, -განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები