ღუდუშაური – „ფედერალისტებზე” – ოპოზიციას აქვს გაცხადებული მიზანი, რომ ძალადობრივად შეცვალოს ხელისუფლება; როდესაც ამას უერთდები და ხარ ამის მონაწილე, ისღა დაგვრჩენია, მოვახდინოთ სარჩელის კორექტირება
“ოპოზიციას აქვს გაცხადებული მიზანი, რომ ძალადობრივად შეცვალოს ხელისუფლება. როდესაც ამას უერთდები და ხარ ამის მონაწილე, ცხადია, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვახდინოთ სარჩელის კორექტირება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.
აღნიშნულით ის ეხმაურება საკითხს, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება“ ახალი კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.
სარჩელის თანახმად, ასაკრძალ პარტიათა სია იზრდება – „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალსა“ და „ლელოს“ „ფედერალისტებიც“ დაემატება.
„ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს დღის წესრიგით, ისინი მოქმედებენ გარე დაკვეთებით და სხვების დღის წესრიგით. მათი დღის წესრიგი, ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დღის წესრიგთან მკაფიო აცდენაშია. ჩვენი მიზანი და ჩვენი ნაბიჯები გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ფაქტებიდან და მშრალი მოცემულობიდან. კორექტირება მოხდა და დაემატა „ფედერალისტები“ იმიტომ, რომ ისინიც ღიად, საჯაროდ შეუერთდნენ იმ დეკლარირებულ განზრახვას, რასაც ჰქვია ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლა.
როდესაც შენ გაცხადებულად გაქვს მიზანი, რომ ძალადობრივად შეცვალო ხელისუფლება და ხელში ჩაიგდო ძალადობრივად მართვის სადავეები, ისე რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი უგულებელყო, ბუნებრივია, რომ სწორედ ეს არის ვალდებულება იმ დემოკრატიული ღირებულებიდან გამომდინარე, რომ დაე, სასამართლოში გაიაროს ფილტრი ღიად და საჯაროდ. საზოგადოებამ დაინახოს თუ რა არის მათი დეკლარირებული მიზნები. ჩვენ მხარეს არის ფაქტებით დადასტურებული გარემოებები, რასაც ჰქვია მათი ღიად გაცხადებული მიზნები, რომ ხელისუფლება თურმე უნდა შეიცვალოს ძალადობრივი გზით. როდესაც ამას უერთდები, ხარ ამის მონაწილე და ტირაჟირებ, ცხადია, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვახდინოთ სარჩელის კორექტირება და დავამატოთ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ღიად იზიარებს იმ პარტიების ზრახვას, რომ ძალადობრივად, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით თურმე უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.