ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, საკრებულომ იმსჯელა და მიიღო დადგენილების პროექტი – „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“. რეგულაცია ეფუძნება 2025 წლის კანონს და მიზნად ისახავს ადამიანისა და ცხოველის უსაფრთხო თანაცხოვრებას, ასევე ცხოველთა კეთილდღეობის ჰუმანური სტანდარტების დანერგვას. დადგენილება ბიუჯეტზე დამატებით გავლენას არ მოახდენს.

ასევე დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში . გასულ წელს შემოსავლების ნაწილი 118%-ით შესრულდა, გაიზარდა ნაშთი (18.4 მლნ ლარი) და შემცირდა ვალდებულებები.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სკოლამდელი აღზრდის სფეროში პერსონალის პროფესიული სტანდარტების განახლებას, რაც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საკადრო დეფიციტის შემცირებას ემსახურება, დამატებითი ხარჯების გარეშე.

სვანიძის თქმით, ხარჯვითი ნაწილის 88%-იანი შესრულება მომავალში პროექტების უფრო ეფექტიანად დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.

„დღეს საკრებულოს სხდომაზე მოვისმინეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. შემოსავლების ნაწილში მიღწეულია 118%-იანი მაჩვენებელი, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიუჯეტის ნაშთი, შემცირდა ვალდებულებები და შენარჩუნდა ფინანსური სტაბილურობა. ხარჯვითი ნაწილის 88%-იანი შესრულება კი გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანად დავგეგმოთ პროექტები.

დღესვე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები – დავამტკიცეთ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის ახალი წესი საქართველოს კანონის „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ შესაბამისად და განვაახლეთ სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალის პროფესიული სტანდარტები. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ისე განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ორივე გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამატებით ბიუჯეტურ ხარჯებს”- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ.

სხდომაზე ასევე დამტკიცდა ტექნიკური ხასიათის ცვლილება „2026 წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ყოველთვიური საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 16 მარტის №11 განკარგულებაში.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები