იურისტ ნოდარ მელაშვილის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მელაშვილმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.
ანალიტიკოსის განცხადებით, პოლიტიკური პროცესების დასტაბილურებისთვის მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდეს.
„გუშინ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა პრემიერმინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატურა წარადგინეს. ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მთავრობაში მუშობის საკმაოდ წარმატებული გამოცდილება და ისტორია აქვს. ის პრემიერმინისტრი ერთხელ უკვე იყო. თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მისი საქმიანობა საკმაოდ დადებითად შეიძლება, შეფასდეს. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.
რაც შეეხება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. იმ ფონზე, როცა გიორგი გახარია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემი აზრი და, ალბათ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის აზრი იქნება ის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დასასტაბილურებლად მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. კონსენსუსი მიღწეული უნდა იქნას. მოლაპარაკების მაგიდასთან იმ საკითხის განხილვა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ეხება, ვფიქრობ, არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის არჩევნებზე გარკვეული პრობლემები, ხარვეზები დაფიქსირებული იყო, ეს არჩევნები საბოლოოდ როგორც სამართლიანი არჩევნები შეფასდა. კითხვის ნიშანი, სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. მოლაპარაკების მაგიდასთან კიდევ სხვა საკითხებია წარმოდგენილი. ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციასაც ეყოფა გონიერება და ამ საკითხების განხილვა მოხდება, რათა ქვეყანაში მოვლენები დასტაბილურდეს“, – განაცხადა მელაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა გუშინ დატოვა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე მან განაცხადა, მისი გადაწყვეტილება პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
“ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც ქართულ კანონმდებლობას დიდად არასდროს სცემდა პატივს. იგი არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტური ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მიუღებელია“, – განაცხადა გახარიამ.
მმართველმა გუნდმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
ოპოზიცია კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.