თინა ბოკუჩავა: გახარიამ გამოიჩინა კეთილგონიერება და უარი განაცხადა ფსევდო სასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილების აღსრულებაზე
“გიორგი გახარიამ ნამდვილად გამოიჩინა კეთილგონიერება, როდესაც მან უარი განაცხადა ფსევდო სასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილების აღსრულებაზე”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას.
მისივე შეფასებით, გახარიას აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მან ძალადობაზე უარი თქვა.
“მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია იყო ერთ-ერთი მთავარი ავტორი 20-21 ივნისის გავრილოვის ღამის სისხლიანი დარბევის, ახლა, ამ ჯერზე მან ნამდვილად გამოიჩინა კეთილგონიერება და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, როდესაც მან უარი განაცხადა ფსევდო სასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ძალადობაზე, მეორე გავრილოვის ღამის მოწყობაზე, ოკუპანტის სახელით ისევ ადამიანების თვალების დათხრაზე და ამით ნამდვილად გამოავლინა კეთილგონიერება. არანაირი შეთქმულების თეორია, მე მგონი, ამ შემთხვევაში საჭირო არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ირაკლი კობახიძემ ღიად განაცხადა საკუთარ ბრიფინგში, რომ გახარია ეწინააღმდეგებოდა ფსევდო სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ გახარია წინააღმდეგი იყო ძალადობრივად ადამიანებისთვის კიდევ თვალების დათხრის ფონზე გაეტაცებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ამიტომ ახლა ვისურვებდი, რომ სხვებმაც აიღონ ეს მაგალითი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც ქართულ კანონმდებლობას დიდად არასდროს სცემდა პატივს. იგი არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტური ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მიუღებელია”.