სახელმწიფო მინისტრმა ანა კაპელოსთან დისტანციური შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის ნდობის აღდგენის ღონისძიებათა სამმართველოს უფროსთან ანა კაპელოსთან დისტანციური შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი იყო ხელოვნურად გაყოფილი მოსახლეობის შერიგების პროცესში ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე.

“მხარეებმა განიხილეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ხელოვნურად გაყოფილი მოსახლეობის შერიგების პროცესში ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ანა კაპელოს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები