კახაბერ კუჭავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. „ძალიან ვაფასებთ, რომ გერმანიის ელჩი ჩვენი ქვეყნის დიდი და მნიშვნელოვანი მეგობარია, რაც დადასტურებულია მისი მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებითა და ორმხრივი თანამშრომლობისას გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისკენ საერთაშორისო ასპარეზზე. გასული წლის დეკემბერში გერმანიისა და საფრანგეთის მიერ გავრცელდა ერთობლივი განცხადება, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. შეხვედრისას, ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ბატონი ელჩის მხრიდან არის სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რჩევები მოგვაწოდოს და გვერდში დაუდგეს საქართველოს 2024 წელს ევროკავშირში წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადის მომზადების პროცესში”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ქალბატონი ტანია ჰუტი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას სამდივნოს უფროსი, ქეთევან ჩემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები