„უფრო მეტ მოკრძალებასა და თავმდაბლობას დიდი მეცნიერისგან ვერც წარმოიდგენ“ – თამაზ გამყრელიძის დაკრძალვა

აკადემიკოს  თამაზ გამყრელიძის დაკრძალვას აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი ეხმიანება ფეისბუქის გევრდზე.
„დღეს ქართველმა საზოგადოებრიობამ უკანასკნელ გზაზე გააცილა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, დიდი საერთაშორისო აღარებისა და ღირებულების მქონე ქართველი ენათმეცნერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი 2005-2013 წლებში, შემდგომ აკადემიის საპატიო პრეზიდენტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი უშუალოდ ბატონი თამაზ გამყრელიძის მეცადინეობითა და ძალისხმევით მიენიჭა.
ბედნიერი ვარ, რომ მქონდა მასთან მჭიდრო კოლეგიალური ურთიერთობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში.
დღეს სიონის საკათედრო ტაძრის კედლებში ისმოდა გალობა და ენთო წმინდა სანთელი. სამგლოვიარო მიტინგი მადლიერებით აღსავსე სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერიმა გიორგი ზვიადაძემ, რომელმაც თავად წაუკითხა დამსწრეთ საქართველოს პატრიარქის, ილია II-ს გამოსათხოვარი სიტყვა.
შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვეს: საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და საქართველოს ელჩმა ისრაელში, ბატონმა ლაშა ჟვანიამ.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, მისივე ანდერძის თანახმად, დაიკრძალა მშობლების გვერდით საბურთალოს სასაფლაოზე. უფრო მეტ მოკრძალებასა და თავმდაბლობას დიდი მეცნიერისგან ვერც წარმოიდგენ. თუმც, ერთი უდავოა: ის დაიკრძალა, როგორც დიდებული ოჯახის ღირსეული შვილი, მაგრამ ჩვენ ხომ ვერ შევძელით, დაგვეკრძალა ის, როგორც დიდი მეცნიერი და მოღვაწე“, – წერს ინესა მერაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები