შალვა პაპუაშვილი: ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც 150 000 სოციალურ ქულაზე დაბალი აქვთ, სახელმწიფომ შემოდგომის სემესტრი დაუფინანსა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის” წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის თემას სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი წარმოადგენდა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რას აკეთებს სახელმწიფო ამ სტუდენტებთან მიმართებით. გავაცანით სტატისტიკა და ის, რაც გახორცილედა სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ, სახელმწიფომ მიმდინარე სემესტრი იმ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 150 000 სოციალურ ქულაზე ნაკლები, სრულად დაუფინანსა. ასეთი არის 15 000 სტუდენტი, რისთვისაც 16 მლნ ლარი დაიხარჯა. წელიწადში სტუდენტებზე გრანტისა და პროგრამული დაფინანსების სახით 100 მლნ-ზე მეტი იხარჯება ბიუჯეტიდან. ამ სემსეტრისთვის 16 მლნ დაემატა კიდევ ამ თანხას ანუ 16 %-ით გაიზარდა ეს დაფინანსება.
თუ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა სტატისტიკას შევხედავთ, რომელიც განათლების სამინისტროდან გამოვითხოვეთ და შევისწავლეთ, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერების ტენდენციებში არ არის დიდი სხვაობა სხვა წლებთან შედარებით. ეს იმის დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ პრევენციულად 150 000 სოციალურ ქულამდე სტუდენტებს 2020წლის შემოდგომის სემესტრი დაუფინანსა”, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.