მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 108 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა  2 378 824 პაციენტი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 108 მილიონს გადააჭარბა,  – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 378 824 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 80 მილიონს გადააჭარბა.

„ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 25.4 მილიონს შეადგენს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობით, კოვიდით ინფიცირების  ჯამურმა ახალმა შემთხვევებმა იკლო. თუმცა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ მძიმეა აშშ-ში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და რუსეთში. ასევე, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთულია სიტუაცია პორტუგალიაში, რომელსაც ვირუსთან გამკლავებაში პარტნიორი ქვეყნები ეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს კოვიდის ახალი, ე.წ. ბრიტანული, ბრაზილიური და აფრიკული შტამების გავრცელება.

CDC-ის ინფორმაციით, ორი ნიღბის ტარებით ადამიანები 92%-ით არიან დაცულები კორონავირუსის ინფექციისგან. 2021 წლის იანვრიდან CDC ატარებს კვლევებს, რომლის მიზანია სხვადასხვა ტიპის პირბადის ეფექტურობის გაზომვა. როგორც აღმოჩნდა, პირბადე, რომელიც სრულად ფარავს სახეს, უკეთესად იცავს ადამიანს ინფიცირებისგან. ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ თუკი კოვიდ ინფიცირებულს აქვს შეხება ჯანმრთელ ადამიანთან, ორივე მათგანი ატარებს პირბადეს, რომელიც სრულად ფარავს ცხვირსა და პირს, ჯანმრთელი ადამიანი თითქმის 97 პროცენტიცაა დაცული დაინფიცირებისგან. ჯერჯერობით უცნობია, CDC-ის ამ კვლევის შედეგები გაიწერება თუ არა ოფიციალურ რეკომენდაციებში.

ევროკომისარმა აღიარა, რომ ევროპამ დაუშვა შეცდომა ვაქცინის განაწილების მიმართულებით. მედიის ინფორმაციით, ევროკომისია და მისი ხელმძღვანელი კრიტიკის ობიექტები გახდნენ მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში შეიქმნა სერიოზული შეფერხებები ვაქცინაციის პროცესში პრეპარატების დაგვიანების და არარსებობის გამო. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა დააგვიანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის ავტორიზაციის უფლების მიცემა, რის შედეგადაც შეიქმნა შეფერხებები მიწოდების მხრივ. ევროკომისარმა განაცხადა, რომ აუცილებელია გაერთიანებამ კვლავ გააგრძელოს ვაქცინების ერთობლივად შესყიდვის პროცესი.

საფრანგეთში დიდია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს და ჯერ კიდევ არაა აცრილი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ან იყო დაბარებული აცრაზე, თუმცა, ვაქცინაციის ცენტრში მისულს შეატყობინეს, რომ ვიზიტი გაუქმებულია. მაგალითად, ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრს შესაძლებლობა აქვს, დღის განმავლობაში მიიღოს 200-მდე მოქალაქე, თუმცა, ვაქცინის დოზების გათვალისწინებით, მხოლოდ მესამედი დატვირთვით მუშაობს. „როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ფერხდებოდა ვაქცინის მოწოდება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ჩანიშნული ვიზიტების გაუქმება“, – განაცხადა პარიზის ვაქცინაციის ერთ-ერთი ცენტრის წარმომადგენელმა.

ჰოლანდიური კომპანია „ჰაინეკენი“ გეგმავს 8 ათასამდე სამუშაო ადგილი შემცირებას, რათა ორი წლის განმავლობაში დაზოგოს 2 მილიარდამდე ევრო. მსოფლიოს რიგით მეორე ლუდსახარში კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია ფინანსური სირთულეების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში გავრცელდა კორონავირუსის პანდემია და ფაქტიურად დაიხურა ტურისტული სექტორი. „2020 წელს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ხარჯები დაბალანსებული ინვესტიციების გზით და შევეცადეთ, რომ ამ უჩვეულო პერიოდში არსებულ გამოწვევებს გავმკლავებოდით“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სამუშაო ადგილების შემცირებით დაზოგილი თანხები დაეხმარება კომპანიას მარკეტინგული ხარჯების აღდგენაში 2023 წლისთვის.

2020 წელს, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, განსაკუთრებით დაზარალდნენ მცირე მეწარმეები, რომლებიც ახლა მთავრობას სთხოვენ დახმარებას. მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საცალო ვაჭრობის სექტორი 22 მილიარდი ევროთი დაზარალდა და მათი მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა ვერც ონლაინ გაყიდვებმა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ლონდონი არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი, რადგან არაძირითადი მოხმარების მაღაზიებთან ერთად, შემოსავლები დაკარგეს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმაც, რამაც საერთო ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში, დიდი ბრიტანეთში, მოზრდილი მოსახლეობის მესამედი მოწყვლადია ფინანსური თუ სხვა პრობლემების მიმართ. ამასთან, ქვეყნის ფინანსური ორგანოს ინფორმაციით, 27 მილიონზე მეტს აწუხებს ფინანსური პრობლემები. თუ ზოგად სურათს შეხედავთ, მოზრდილების ზოგადი ყოფა 15%-ით გაუარესდა, რადგან პანდემიის პირობებში ბევრი მათგანი გახდა იძულებული შეეკვეცა ხარჯები ან აეღო საბანკო ფინანსური ვალდებულებები. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს არ გააჩნია ფინანსური დანაზოგი და მათი შემოსავალი საგრძნობლად დაბალია.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უკვე 25% ე.წ. ბრიტანულ ვარიანტზე მოდის. მან ასევე აღნიშნა, რომ კვლევა საფრანგეთის მასშტაბით კოვიდით ინფიცირების 17 000 დადებით შემთხვევაზე ჩატარდა და მათგან სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტები 4%-სა და 5%-ს შეადგენდა.

11 თებერვლის მონაცემების მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 15 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 391 ადამიანი კი გარდაიცვალა.

უნგრეთის ხელისუფლების განცხადებით, მ/წ 15 თებერვლიდან უნგრეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური კომპანია „Sinopharm“-ის ვაქცინის 500 000-მდე ერთეული შემოვა. მ/წ თებერვალის თვეში კი, ქვეყანა დამატებით კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული Sputnik V-ის ვაქცინის 200 000 დოზას მიიღებს.

The Lancet-ის სპეციალური კომისიის მიერ დადებული დასკვნის მიხედვით, რომელიც შეეხება პანდემიის გამოწვევებზე აშშ-ის რეაგირებას, ქვეყნის მთავრობას შეეძლო, გადაერჩინა დაახლოებით 188 ათასი სიცოცხლე იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პანდემიასთან ბრძოლას დასაწყისშივე სერიოზულად მოეკიდებოდა. კომისიის დასკვნის მიხედვით, აშშ-ში, პანდემიის გამოჩენამდე, სერიოზული პრობლემები იყო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც არის 2002-2019 წლებში ჯანდაცვის სექტორზე შემცირებული ხარჯების შედეგი.

ბოლო 24 საათში რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 15 038 და გარდაცვალების 553 ფაქტი გამოვლინდა.

11 თებერვალს უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 5 039 და ლეტალობის 124 ფაქტი გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 10 თებერვალს გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც ნებადართულია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და ასევე, იმ პოპულაციაში, სადაც კორონავირუსის ე.წ. ახალი შტამები ცირკულირებს. აღნიშნული განცხადების გაკეთებისა და ვაქცინის პრეპარატის მონაცემების დამატებითი კვლევის საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ, რომელიც იყენებს AstraZeneca-ს ვაქცინას, ეჭვქვეშ დააყენა მაღალ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტურობის საკითხი თუმცა, მსჯელობისა და კლინიკური მონაცემების დამატებით განხილვის შედეგად, ჯანმო-მ მსგავსი ეჭვები უარყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ოქსფორდის წარმოების ვაქცინის, AstraZeneca-ს ეფექტურობა პანდემიასთან ბრძოლის საკითხში“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები