სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი – კინოფესტივალ Cinéma du Réel-ის მთავარ კონკურსში მონაწილეობს
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ საერთაშორისო კინოფესტივალ Cinéma du Réel-ის მთავარ კონკურსში იქნება ნაჩვენები. ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
„მოთვინიერება“ შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მოგვიანებით კი ფილმი შეირჩა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში „ფორუმი“.
კინოფესტივალ Cinéma du Réel-ის მთავარ კონკურსში წელს სულ 21 ფილმი იქნება წარმოდგენილი – 11 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი.
Cinéma du Réel დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც საფრანგეთში 1978 წლიდან იმართება. იგი ყოველწლიურად მაყურებელს სთავაზობს 200 დოკუმენტურ ფილმს. ფესტივალის 2021 წლის გამოშვება 12-21 მარტს გაიმართება.