პარმენ მარგველიძე: ძლიერი რეგიონები, ეს არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახელისუფლებო გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისათვის. მადლობა იმისთვის, რომ კვლავ მაქვს შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის განვითარების პროცესში და ჩემი წვლილი შევიტანო, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, ძლიერი რეგიონები არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას. პარმენ მარგველიძემ აღნიშნა, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი მისთვის მშობლიურია და მან კარგად იცის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მხარე, ასევე განვითარების რა შესაძლებლობები აქვს.
„ჩემთვის ეს რეგიონი გახლავთ მშობლიური, მე იქ დავიბადე, იქ ვცხოვრობ, იქ დავაგროვე ჩემი სამუშაო გამოცდილება და მათ შორის ვიყავი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013-2017 წლებში. ჩემთვის კარგად არის ცნობილი რეგიონის სპეციფიკა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მხარე, განვითარების რა შესაძლებლობები აქვს და ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საკმაოდ დიდი აქვს ჩვენს რეგიონს. ზოგადად, ძლიერი რეგიონები ეს არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლებაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, რასაც მოწმობს ის განხორციელებული მიზნობრივი პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე მთის კანონი და ა.შ. ყველა ეს პროგრამა განკუთვნილია იმისთვის, რომ რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მიგრაციული პროცესები შემცირდეს, რაც ასე აწუხებს უკვე ათეული წლებია მაღალმთიან რეგიონებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად ჩვენს პარლამენტთან ერთად და სახელისუფლებო გუნდთან, სამხარეო სამსახურებთან ერთად შევძლებთ, უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი რეგიონი, უფრო მეტად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ყველა გამოწვევას, რომელიც იქნება ადგილზე, გავუმკლავდეთ,”- განაცხადა პარმენ მარგველიძემ.