მეუფე შიო: რაც უფრო მეტად გვიშლიან ხელს, მით უფრო მეტად უნდა განვაგრძოთ უფლისკენ სვლა, ლოცვა და ღაღადი

“რაც უფრო მეტად გვიშლიან ხელს – ჩვენივე თავი, ბოროტი სულები თუ ადამიანები – მით უფრო მეტად უნდა განვაგრძოთ უფლისკენ სვლა, ლოცვა და ღაღადი”, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი იწყება, რომელიც არის ცოდვებზე ფიქრის, სინანულის, განსაკუთრებული ლოცვის, ცოდვათაგან განწმენდის და აღდგომის შეხვედრის პერიოდი.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია გვიკითხავს სახარებიდან მონაკვეთს იერიქონელი ბრმის განკურნების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე იწყება დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი. ეკლესია ამ საკითხავებით გვამზადებს დიდი მარხვისთვის, – თუ როგორი შინაგანი განწყობა უნდა გვქონდეს, რომ მოვემზადოთ აი, ამ დიდი სარბიელისთვის, რომელიც არის პერიოდი ცოდვებზე ფიქრისა, სინანულისა, განსაკუთრებული ლოცვისა, ცოდვათაგან განწმენდისა და ბრწყინვალე აღდგომის შეხვედრისა. მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა, დალოცვა, შეგეწიოთ მისი მადლი და ლოცვა თქვენ და სრულიად საქართველოს. სახარებაში მოთხრობილია, რომ ეს ბრმა იჯდა გზაზე, იერიქონში და როდესაც გაიგო, რომ უფალი იესო ქრისტე მოდიოდა, როდესაც მოესმა ხალხმრავლობის ხმა, იკითხა, ვინ არისო და უთხრეს, რომ იესო მოდიოდა, – მან დაიწყო ხმამაღლა ღაღადება, ძახილი: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ (ლუკ. 18,35-38). ეს ადამიანი ალბათ დიდხანს იყო ამ მდგომარეობაში. ვინ იცის, შეიძლება, მრავალი უმკურნალია კიდეც უშედეგოდ. ყველამ იცოდა ისრაელში მაშინ, რომ უფალი იესო ქრისტე იყო დიდი მკურნალი, დიდი წმინდანი და ამ კაცისთვის იესო ქრისტესთან შეხვედრა იყო ბოლო იმედი. ვინ იცის, როგორ ოცნებობდა, რომ ოდესმე ჩამოევლო ქრისტეს და შეხვედროდა მას. ამ საოცარი სიტყვებით მიმართავს: „ძეო დავითისო!“ – რაც ნიშნავს მესიანისტურ წოდებას. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, რომ ეს ღმერთის ძე იყო. მაშინ, იმ პერიოდში ეს მოციქულებმაც არ იცოდნენ, მაგრამ „ძე დავითისა“ – ეს მესიის სახელწოდება იყო. ე.ი. მან უკვე შეიცნო, რომ იესო ქრისტე არის ის, ვისაც ელოდება ისრაელი, როგორც მესიას. აი, ეს არის საოცარი და ასე ყვირის: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“. მას აჩუმებენ, ხელს უშლიან, რომ იესო მასთან მივიდეს. აქ ნათქვამია, რომ „ჰრისხვიდეს მას, რაითა დადუმნეს“ (ლუკ. 18,39), უბრაზდებოდნენ, მაგრამ იგი კიდევ უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ შემდეგ უფალი იესო ქრისტე მასთან მიდის, ეკითხება, თუ რა ნებავს მას. ის პასუხობს, რომ აეხილოს მისი თვალები და უფალი ეტყვის: „აღიხილე!, „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ!“ (ლუკ. 18,41-42). უფალ იესო ქრისტეს არაერთხელ უთქვამს ეს სიტყვები. მართლაც, აეხილება მას თვალი და შემდეგ ეს ადამიანი ადიდებს ღმერთს, ყველამ იხილა და ყველა აქებდა ღმერთს. სახარების ეს მონაკვეთი გვაფიქრებს ბევრ რამეზე. პირველ რიგში, გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის ლოცვა.

თვალი რომ აგვეხილოს, უფალმა რომ შეგვისრულოს ჩვენი თხოვნა, რომ მოვიდეს ჩვენთან, რა არის ამის პირობა, აი, აქ ჩანს. როდესაც ადამიანს უნდება, მიეახლოს უფალს, მართლა ილოცოს, შეუდგეს სულიერ ცხოვრებას, მას ყოველთვის რაღაც აბრკოლებს, ხელს უშლის. როგორც ბრმას უშლიდნენ ისინი, ვინც უფალთან იყო მაშინ და აჩუმებდნენ, ასევე გვაჩუმებენ ჩვენ. შეიძლება ჩვენ გაგვაჩუმოს ჩვენმა შინაგანმა დაცემულმა კაცმა, ჩვენმა შინაგანმა ხმამ, რომელიც ებრძვის, უმხედრდება ყოველივე იმას, რაც სახარებისეულია. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებიდან, შეიძლება იყოს სხვადასხვა არასწორი ღირებულება თუ ადამიანები – ყველაფერი ამხედრდება მაშინ იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანი მიეახლოს ღმერთს, დაიწყოს ჭეშმარიტად ლოცვა და სულიერი ცხოვრება.

სახარება გვასწავლის, რომ რაც უფრო მეტად გვიშლიან ხელს, ვიმეორებ – ჩვენივე თავი, ბოროტი სულები თუ ადამიანები – მით უფრო მეტად უნდა განვაგრძოთ აი, ეს სვლა, ლოცვა და ღაღადი. ჩვენ შეცდომას ვუშვებთ ხოლმე და უკან ვიხევთ, ამიტომ ხშირად არ გვისრულდება ეს ლოცვები, რადგან ვანებებთ თავს, ვკარგავთ აი, ამ შეუპოვრობას და უკან ვიხევთ, ამიტომ ვერ ვიღებთ იმას, რასაც ვითხოვთ.

აი, ამაზე გვაფიქრებს ეს სახარება დღეს. რა თქმა უნდა, ამ ბრმისთვის, რომელსაც სახელად ბარტიმეოსი ერქვა, ეს ბოლო იმედი იყო, არავითარი სასოება სხვა რამეზე, ამქვეყნიურზე, დროებითზე, თითქოსდა სტაბილურზე, მატერიალურზე მას აღარ ჰქონდა, მას არც ექიმების იმედი და არც გარშემომყოფთაგან არავის იმედი აღარ ჰქონდა, არამედ მხოლოდ ღვთისა. აი, ამ კეთილი სასოწარკვეთილებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, იგი გაჰყვიროდა და მიმართავდა ღმერთს ამ მოკლე ლოცვით: „შემიწყალე მე!“ უფალმა შეისმინა მისი, მიდის მასთან და, მართლაც, თვალებს აღუხელს და შემდეგ მას შინაგანი თვალებიც კიდევ უფრო მეტად ეხილება.

აი, ამაზე გვაფიქრებს ეს სახარება ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და უფალმა მოგვცეს ეს განწყობა დიდი მარხვის წინა პერიოდში, რაც აქ არის აღწერილი. უფალი გვაჩვენებს, რომ მისთვის ეს სათნოა, ეს არის სწორი განწყობა იმისთვის, რომ მოვიდეს ჩვენთან და აგვიხილოს ჩვენ სულიერი თვალნი, ვინაიდან ჩვენ, ყველას, სიბრმავე გვაქვს (პირველ რიგში, ეს არის სულიერი სიბრმავე) და მოვიდეს ჩვენთან, გვაცხონოს და შეგვიყვანოს ჩვენ სასუფეველში, რომელიც მოდის ადამიანის გულში აი, ამ სიმდაბლის, ამ გულითადი ლოცვის გამო, სასუფევლისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები