“ნიკა მელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არ ვიცი, მაგრამ როგორც იურისტმა, შემიძლია განგიმარტოთ, რომ როდესაც ადამიანს გირაო აქვს შეფარდებული, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული თავისი ხვალინდელი ბედი – აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმდება თუ არა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარების თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მსოფლიოში, ალბათ, რამდენიმე მილიონი ადამიანია ბრალდებული, რომელიც ელოდება გადაწყვეტილებას – დაუმძიმდება თუ არ ბრალი გირაოს არგადახდის შემთხვევაში. როგორც წესი, გამონაკლისები არ არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მსოფლიოშიც. შესაბამისად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არ შემიძლია, რაიმე მოწოდებები გავაკეთო. ყველაფერი ერთ პირზეა დამოკიდებული და ეს არც პროკურატურაზე, არც სახელმწიფოზე და, მით უმეტეს, არც პოლიტიკაზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დაიბარეს.