გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიასა და სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს

ეროვნული სატყეო პროგრამის მე-4 სამუშაო ჯგუფის ,,ინსტიტუციური რეფორმა“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია, ასევე, სამოქმედო გეგმა (2021-2026) განიხილეს და ეროვნული სატყეო სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა და რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ტყის მართვის ამჟამად არსებულ პრაქტიკას. კოდექსის აღსრულებისთვის აუცილებელია ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმირება და მართვის ახალი მოდელის შექმნა, რაც გულისხმობს სატყეო სააგენტოს ტყის მართვის მრავალმიზნობრივ უწყებად ეტაპობრივ გარდაქმნას. სააგენტო უფლებამოსილი გახდება, მართოს ტყე და ტყითსარგებლობიდან მიღებული შემოსავლების რეინვესტირება ტყის აღდგენაში, ხანძრების პრევენციაში, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტყის მართვის სხვა საქმიანობებში განახორციელოს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული გეგმის შემუშავების დროს, სააგენტომ გაითვალისწინა ყველა ის ფაქტორი, რამაც უნდა განაპირობოს ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით (2021-2026) განისაზღვრა ის ძირითადი აქტივობები, რომლებიც განხორციელდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეიქმნება მართვის ახალი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ტყითსარგებლობას“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სატყეო სექტორის განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეროვნული სატყეო პროგრამა (NFP) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის CENN და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები