ბაიდენმა გერმანიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანა შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ჯარის გაყვანის პროცედურა შეაჩერა, რომელიც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ იყო დაგეგმილი.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ჯარის გაყვანა შეჩერდება, სანამ ქვეყნის ახალი თვადაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი არ მოამზადებს მოხსენებას მსოფლიოში აშშ-ის ჯარის ყოფნასთან დაკავშირებით.
ბაიდენის თქმით, ოსტინი პირობას დებს, რომ მსოფლიოს ქვეყნებში “აშშ-ის სამხედრო ყოფნა ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში იქნება”.
2020 წლის ივნისში ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან, დაახლოებით, 12 ათასი სამხედრო იქნება გაყვანილი. ყოფილმა პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი ახსნა იმით, რომ თითქოს ბერლინი თავდაცვისთვის ძალიან ცოტა თანხებს გამოყოფს.
ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა თქვა, რომ გერმანიიდან ჯარის გაყვანა “რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს”, თუმცა, კონკრეტული ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა.