„რამდენად რეალურია, ეკონომიკის ყველა ის სექტორი გაიხსნას, რომელიც covid 19-ის გამოა ჩაკეტილი?“ – გიორგი ცუცქირიძის განმარტება

რამდენად რეალურია, გაიხსნას ეკონომიკის ყველა ის სექტორი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამოა ჩაკეტილი და რა ელის ქვეყნის ეკონომიკას? – ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განმარტებები საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მოსაზრება, რომ ეკონომიკა ჩამოიქცა და ვერ აღდგება, გაზვიადებულია.

როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, ის წინააღმდეგია, ყველა მიმართულება ერთიანად გაიხსნას, თუმცა, მიაჩნია, რომ ცალკეულ მიმართულებებზე შეზღუდვების მოხსნა თებერვლიდანაც შეიძლება, დაიწყოს.

„ჩვენთან, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ეკონომიკის საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვა იყო. ყველაფერი ჩაიკეტა, მათ შორის, ფრენები, ტრანსპორტი. ჩვენც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მომსახურების სერვისებსა და ტურიზმზე იყვნენ ორიენტირებულები, საკმაოდ დიდი დანკარგი მივიღეთ. ეკონომიკის ვარდნა ამან გამოიწვია. ფაქტობრივად, საერთაშორისო ტურიზმი გაჩერდა.
ზაფხულში ეკონომიკის გაშვება გვქონდა, მოიხსნა შეზღუდვები და იყო საკმაოდ მაღალი ზრდა. ნოემბრის ბოლოს ისევ მოგვიწია მეორე „ლოქდაუნი“, თუმცა, არა ისეთი მკაცრი, როგორიც პირველი იყო.
დგება საკითხი, რა უნდა გაკეთდეს და, ზოგადად, რამდენად რეალურია, გაიხსნას ყველა ის სექტორი, რომელიც ჩაკეტილია? პირობითად, თუ დავაკვირდებით, რა ტრენდია მსოფლიოში, ევროპაში, რატომ კეტავენ იანვარში ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს, ვნახავთ, რომ ისინი მაინც ელოდებიან მარტის თვის კიდევ ერთ აფეთქებას, რომელიც კორონავირუსის ბრიტანული შტამის შედეგია. ასეთი მოცემულობაა.
ერთერთი პრეტენზია არის ის, რომ ჩვენთან ჩაკეტვა საკმაოდ ხანგრძლივი იყო. იმის გათვალსიწინებით, რომ მსოფლიოში კი არ მცირდება ვირუსის გავრცელება, არამედ ტენდენცია მზარდია, მე წინააღმდეგი ვარ, ყველა მიმართულება ერთიანად გაიხსნას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ცალკეულ მიმართულებებზე შეზღუდვების მოხსნა თებერვლიდანაც კი შეიძლება, დაიწყოს. პირველ ყოვლისა, ესაა ტრანსპორტი. მაგრამ საკმაოდ მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ზაფხულში, როცა შეზღუდვები მოიხსნა, ბევრი არ იცავდა რეგულაციებს, მათ შორის, არც სატრანსპროტო კომპანიები. ამიტომ, ეს მკაცრად დარეგულირებული უნდა იყოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ერთ მხარესაა ის, რომ ეკონომიკა არ გაჩერდეს და მეორე მხარეს – ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„გამოდიან ადამიანები, ცალკეული არასამთვარობოები, რომელიც აპროტესტებენ შეზღუდვებს. მაგრამ მთავრობა ვალდებულია, დაიცვას თავისი მოსახლეობა.
ზოგადად, ერთ მხარესაა ის, რომ ეკონომიკა არ გაჩერდეს, მეორე მხარეს კი ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა. მომავალში თუ ვირუსის კიდევ ერთი აფეთქება მოხდება, მოკლევადიანი „ლოქდაუნი“ უნდა იყოს, დაახლოებით, 2 კვირიდან 1 თვემდე, რეგულაციების მკაცრი დაცვით.
ის მოსაზრება, რომ ეკონომიკა ჩამოიქცა და ვერ აღდგება, ბიუჯეტში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი, გაზვიადებულია. დღევანდელი მონაცემებით, საკმაოდ დიდი რესურსი აქვს ჩვენს ეკონომიკას იმისათვის, რომ ყველაზე ცუდ და მძიმე სცენარში არ გადავიდეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, კოვიდ 19-ის გამო გლობალური ეკონომიკის ვარდნა ძალიან მაღალი იყო.

„ზოგადად რომ შევაფასოთ ის, თუ რა ხდება ეკონომიკაში, 2 ფაქტორი უნდა გამოვყოთ: რა ხდება ევროპასა და მსოფლიოში, ანუ იქ რა ტენდენციაა და მეორე – ჩვენთან რა სიტუაციაა დღეს.
ევროპის მიდგომაა, რომ ვაქციანციამდე ნაკლები დანაკარგით მივიდნენ, აქ მხედველობაში მაქვს ის, რომ ახალი წლის შემდეგ, იანვარში დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ეს დაკავშირებულია კოვიდ 19 -ის ე.წ. ბრიტანულ შტამთან, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთიც კი მკაცრი შეზღუდვებისგან ყოველთვის თავს იკავებდა ხოლმე, ეკონომიკა რომ ნაკლებად დაზარალებულიყო. მაგრამ ბრიტანეთში ისეთი სწრაფია ვირუსის გავრცელება, რომ იძულებულები გახნდნენ, ძალიან მკაცრი ზომები დაეწესებინათ. ეს მოიცავს არა მხოლოდ ცალკეული მიმართულებების ჩაკეტვას, მაგალითად, სწავლას, არამედ მთელი რიგი გასართობი სექტორის ჩაკეტვას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებასაც კი. ზოგადად, ტენდენცია ის არის, რომ, ფაქტობრივად, მესამე ტალღის მაჩვენებელია უკვე.
მეორე მოცემულობაა ვაქცინაცია. ფაქტობრივად, ევროკავშირი დიდი ვაქცინაციისთვის ემზადება. ითვლება, რომ ვაქცინაციამ უნდა გადატეხოს ის ნეგატიური ტრენდი, რომელიც გასულ წელს მთელს მსოფლიოში იყო. გლობალური ეკონომიკის ვარდნა ძალიან მაღალი – დაახლოებით, 4 %-მდე იყო. მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნის მაჩვენებლი რომ განვსაზღვროთ დოლარებში, ეს 9 ტრილიონ დოლარამდეც კი არის. კოვიდ 19 -ის ეფექტის გამო, 9 ტრილიონითაა შემცირებული გლობალური ეკონომიკა. ეს შემცირება, პრაქტიკულად, ყველა წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს შეეხო. ეკონომიკის ვარდნა მკაცრმა „ლოქდაუნმა“გამოიწვია, გაზაფხულზე საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვები იყო.
2021 წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზი შედარებით ოპტიმისტურია. თუ წინა წელს გლობალური ეკონომიკის ვარდნა 4 %-მდე იყო, დღეს უკვე ითვლება, რომ, ალბათ, უფრო პოზიტიური ტრენდია მოსალოდნელი.
ოპტიმიზმი ემყარება იმას, რომ ევროპასა და მსოფლიოში ვაქცინაცია იწყება. ექპერტები თვლიან, რომ მდიდარი და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობას ფლობენ: ვაქცინის შესყიდვას და ვაქცინაციას ისინი პირველები დაიწყებენ. აქედან გამომდინარე, მათ გარკვეული უპირატესობა ექნებათ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი და დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მთავრობამ შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნასთან დაკავშირებითაც დაიწყოს მსჯელობა. გახარიას თქმით, მათ შორის, ეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები