„რეგიონში ჩვენთან კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა, ამასთან, ევროკავშირის 9 ქვეყანაზე წინ ვართ“ – გიორგი ცუცქირიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებზე

საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციის დონის შეფასებისას ხშირად პოლიტიკური ხასიათის სპეკულაციები ხდება.

ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომელიც კორუფციის აღქმის ინდექსს ეხება.

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას მინდა, ვისაუბრო ფაქტორზე, რომელზეც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე სპეკულაციები, მათ შორის, პოლიტიკური ხასიათის – ეს არის კორუფცია. ვითომ კორუფცია ქვეყანაში მზარდია, ვითომ ეს კორუფცია სიტემური, ელიტურია და ა.შ. კორუფციაზე ძალიან ბევრი ინსინუაციებია. სამწუხაროდ, ბევრი „ფეიკი“, ანუ ინფორმაციის დამახინჯება გადის ამ მიმართულებით.

ერთერთი ყველაზე კარგი არბიტრი იმ რეფორმებისა, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან და განსაკუთრებით ბოლო 5 წელიწადში განხორციელდა, ესაა კორუფციის დონის შეფასება. ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც ამას აფასებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობაა“. მას აქვს კორუფციის აღქმის თავისი ინდექსი, რომელიც აჩვენებს, როგორია კორუფციის დონე ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს, პირველ ყოვლისა, გულისხმობს როგორც ბიზნესის თავისუფლების მაჩვენებლებს, ისე, საინვესტიციო ნაწილს, ანუ ინვესტორები რამდენად არიან დაცული ამ ქვეყანაში შესვლისას, ასევე, აჩვენებს რეფორმებს, რომელიც სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში ხორციელდება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ბოლო კვლევის მიხედვით, აღნიშნული მიმართულებით საქართველო 180 ქვეყანას შორის წამყვანი ქვეყნების რიგშია.

„გამოქვეყნდა ბოლო კვლევა, 2020 წლის შეფასება. ამ კვლევის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის წამყვან ქვეყნებშია, ვართ 25 %-იან არეალში. რეგიონში ვართ ლიდერი ბოლო 5 წლის მანძილზე. რეგიონში ჩვენთან კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა. მაგრამ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის 9 ქვეყანაზე წინ ვართ. ანუ, ზოგადად, მთელი ეს თემა კორუფციასთან დაკავშირებით არის არა მარტო გადაჭარბებული, არამედ ხშირად თითიდან გამოწოვილი, ხაზს ვუსვამ, ხშირად „ფეიკების“ ნაწილი, რომელსაც გარკვეული მიზნებით პოლიტიკური ოპონენტები ახორციელებენ.
რაც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორს, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც საინვესტიციო გარემოს შეფასების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მათ შორის, კორუფციისაგან თავისუფლების შესაფასებლად – აქ საქართველოს, თუნდაც იგივე ბოლო 5 წლის მიხედვით, არა თუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.  ესაა რეალობა და არა ცალკეული შეფასებები ან ჩემი თვალსაზრისი. მე უბრალოდ ვეყრდნობი ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებას“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები