წამყვანი ქართველი ბაქტერიოლოგი, რომელიც საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.


მიკრობიოლოგი, ბაქტერიოლოგი გიორგი გრიგოლის ძე ელიავა დაიბადა საჩხერეში 1892 წლის 26 იანვარს. სწავლობდა ნოვოროსიისკის, ჟენევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. ეს უკანასკნელი დაამთავრა 1916 წელს. იმავე წელს ელიავა დაინიშნა ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 1917 წლიდან კი, თბილისის ცენტრალური ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიის გამგედ. 1918–1921 და 1925–1927 წლებში ის მეცნიერულ კვლევებს აწარმოებდა საფრანგეთში, პასტერის ინსტიტუტში. სწორედ ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდა კანადელი ბაქტერიოლოგი, ბაქტერიოფაგების აღმომჩენი ფელიქს დერელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო პრაქტიკაში ბაქტერიოფაგის გამოყენებას. მისი და გიორგი ელიავას ჩანაფიქრით, უნდა შექმნილიყო ინსტიტუტი, რომელიც გახდებოდა ბაქტერიოფაგების შესწავლისა და კვლევის მსოფლიო ცენტრი. 1923 წელს გიორგი ელიავას ინიციატივით და დერელის დახმარებით, დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც გიორგი გახდა. 1927 წლიდან ის განაგებდა თსუ-ს ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან — მიკრობიოლოგიის კათედრებს. 1934 წელს, მისი თაოსნობით, გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. 1936 წელს დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. დღეს მისი სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ფაგოთერაპიის ცენტრი შეიცავს ბაქტერიოფაგების უნიკალურ კოლექციას, რის გამოყენებითაც წარმატებით მკურნალობენ პაციენტებს მთელი მსოფლიოდან.

ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაციული შენობა

1937 წლის 23 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა. მას ბრალი დასდეს საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. ამონარიდი ბრალდებიდან:

1935 წელს ბუდუ მდივანმა შესთავაზა მას, რომ ბაქტერიული მიკრობების საშუალებით, მოეწყოთ ტერაქტი ბერიას წინააღმდეგ, მაგრამ ელიავამ ამაზე უარი უთხრა.

1937 წლის 9 ივლისს გიორგი ელიავას უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გამოუტანა განაჩენი – დახვრეტა. განაჩენი აღასრულეს იმავე დღეს. მისი მეუღლე, ცნობილი საოპერო მომღერალი, თავდაპირველად ვარშავის და შემდგომში კი, თბილისის ოპერის პრიმადონა, ამელია ვოლ- ლევიცკაია დახვრიტეს 3 დღის შემდეგ, 12 ივლისს, ხოლო მათი ერთადერთი ქალიშვილი განა (ჰანა) შუა აზიაში გადაასახლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები