უკრაინაში რუსეთის მასშტაბურ საჰაერო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა

24 მარტს გვიან ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონში მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დედაქალაქ კიევში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმები ისმოდა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები აქტიურდებოდა.

საჰაერო დარტყმის დროს გამოყენებული იქნა დრონები, ბალისტიკური რაკეტები და ფრთოსანი რაკეტები. ზაპოროჟიეზე ექვსი დრონი და ხუთი რაკეტა დაეცა. შედეგად, დაზიანდა 20 მრავალსართულიანი შენობა, კერძო სახლი და ბენზინგასამართი სადგური, დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ცხრა.

პოლტავაში საჰაერო დარტყმებმა სასტუმროები და სახლები დააზიანა, გამოიწვია მასშტაბური ხანძარი და მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

ხარკოვის რეგიონში დრონი სამგზავრო მატარებელს დაეჯახა, რის შედეგადაც 61 წლის მგზავრი დაიღუპა.

ხერსონში, ქალაქის ცენტრი დაიბომბა, რის შედეგადაც კერძო სახლები და ავტოფარეხი განადგურდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

აფეთქებების ხმა სუმისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებშიც ისმოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები