თენგიზ შარმანაშვილი – სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს
“სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს?” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს ატყუებენ, რომ მათი მეგობრები არიან და თან სანქციებით ემუქრებიან.
„დროის ნაკლებობა გამორიცხეთ. ე.წ. მათი პოლიტპატიმარი ვერ დააცემინებს, იქიდან ჯანმრთელობა ან კარგად იყავი, რომ არ მიაძახონ. იმის დროს თუ პოულობენ, ახლა, მით უმეტეს, უნდა ეპოვათ. ეს იყო პასუხი იმ მილიონ-ნახევარი ადამიანისთვის, რომელიც ქუჩაში თვალცრემლიანი იდგა და რომლებიც ვერ ეღირსნენ თუნდაც ფორმალურად, პრაგმატული მოსაზრების ან თუნდაც მოსატყუებლად მაინც, ერთი სამძიმრის სიტყვა გამოეგზავნათ. სად იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამძიმარი? სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს? – ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს არა? – ის მილიონ-ნახევარი, რომელიც ქუჩაში იდგა, თორემ, დარწმუნებული ვარ, ვინც ვერ შეძლო კიდე მილიონობით სახლში იყო თვალცრემლიანი და პატრიარქს ტიროდა. სამმილიონ-ნახევრიან ერს სამძიმრის წერილიც კი არ გამოუგზავნეს. ეს არის მათი ფასეულობა და მიდგომა. ეს ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს. ამბობდნენ, ჩვენ ხელისუფლება არ მოგვწონს, თორემ, ქართველი ხალხის მეგობრები ვართო და მათ ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით? – ქართველ ხალხს რატომ ემუქრებიან, თუ რაიმე უნდათ, პოლიტიკოსებთან, ჩვენთან გაარკვიონ, ჩვენ გვიპასუხონ და ჩვენ დაგვსაჯონ, ამას ავიტანთ. ქართველ ხალხს რომ ატყუებენ, თქვენი მეგობარი ვარო და თან სანქციებით ემუქრებიან, ეს თვალთმაქცობაა და ეს თავად დაადასტურეს, ქართველი ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადე“, – განაცხადა შარმანაშვილმა.