გურამ მაჭარაშვილი: მუქარა და დამუნათება „ნაცმოძრაობის” სტილია

“სამწუხაროდ, მუქარა და დამუნათება „ნაციონალური მოძრაობის” სტილია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

რაც შეეხება იმას, მისცემს თუ არა პარლამენტი იაგო ხვიჩიას იარაღის ტარების უფლებას, მაჭარაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი მისი წევრის იმუნიტეტს დაიცავს, მაგრამ ნიკა მელიასა და ხვიჩიას შორის მოლაპარაკებები მათი საქმეა.

„ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში ვერ ჩავერევით. რაც შეეხება იარაღის ტარებას, პარლამენტის წევრი დაცულია იმუნიტეტით, თუმცა პარლამენტის წევრი საჯარო პირია და თავისი ავტორიტეტითა და საქმიანობით იმას უნდა იმსახურებდეს, რომ თავად შეძლოს საზოგადოებაში ავტორიტეტის აწევა. ბუნებრივია, პარლამენტი მისი წევრის იმუნიტეტს დაიცავს, მაგრამ მათ შორის მოლაპარაკებები მათი საქმეა. სახარბიელო არ არის, რომ ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია არ გვყავს. ეს კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც. ერთი ჩამოყალიბებული აზრი არ აქვთ, ამას საზოგადოება ხედავს, ამიტომაც მათი რეიტინგი ძალიან დაბალია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტიდან საპარლამენტო ოპოზიციას ხელი შევუწყოთ, რომ თავისი ფუნქცია შეასრულონ ისე, როგორც ეს საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან საუბრისას მოეჩვენა, რომ ის დაემუქრა. ამის გამო ხვიაჩია ამბობს, რომ შესაძლოა პარლამენტს მიმართოს, რათა იარაღის ტარების ნება მისცეს.

“მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა, ჩემზე დიდია ფიზიკურად, მორევა შეუძლია. უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს”,- აღნიშნა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები