სქესის მიხედვით კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი საქართველოში – დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

“COVID-19–ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში 70 წელზე ნაკლები პაციენტები 43%-ს შეადგენდნენ, 30% – 70-79 წლის და 27% – 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა. სქესის მიხედვით 55.4%-ს შეადგენდნენ კაცები და 44.6% – ქალები”,- ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში სახელწოდებით, „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული.

“COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საგულისხმო საკითხს და ღრმა შესწავლის საგანს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობის შესწავლა, ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით, განხორციელდება კლინიცისტების ჯგუფების ჩართულობით. COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობის იდენტიფიცირების, მონიტორინგის და შეფასების ძირითადი მაჩვენებლებია:  ყველა მიზეზით ნამატი სიკვდილიანობა (excess mortality);  COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე;  ლეტალობის მაჩვენებელი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებში (%). ნამატი სიკვდილიანობა COVID-19-ით ავადობის ტვირთის შეფასების ერთ-ერთი საგულისხმო ინდიკატორია, რომლითაც ფასდება, მოახდინა თუ არა გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა სიკვდილიანობის ზოგად მაჩვენებელზე. ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკვლევ პოპულაციაში განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობა რომელიც აღემატება მოსალოდნელ მაჩვენებელს. მომატებული სიკვდილიანობა 2020 წლის განმავლობაში აღინიშნა ევროპის მრავალ ქვეყანაში. საქართველოში 2020 წლის პირველი 10 თვის პერიოდში ყველა მიზეზით გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა ნაკლები იყო 2019 წელთან შედარებით 0.6%-ით. 2020 წლის სექტემბრიდან, COVID-19-ის შემთხვევების მატების პარალელურად, აღინიშნა ლეტალური შემთხვევების ზრდა და 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ყველა მიზეზით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა აღემატება წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელს.

2020 წლის 24 დეკემბრიდან დაიწყო ლეტალური შემთხვევების შემცირება. გარდაცვალების დღიური შემთხვევები 1 მლნ მოსახლეზე შემცირდა 11,6-დან 8,2-მდე (31 დეკემბერი).

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, COVID-19–ით დაავადებულებში ლეტალურად
დასრულდა 2 528 შემთხვევა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.1%).

COVID-19–ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში 70 წელზე ნაკლები პაციენტები 43%-ს შეადგენდნენ, 30% – 70-79 წლის და 27% – 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა. სქესის მიხედვით 55.4%-ს შეადგენდნენ კაცები და 44.6% – ქალები.

გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 62.2%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 52%-ს (95% CI 49.6- 54.1) აღენიშნებოდა კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი – 17.3%-ს (95% CI 18.7-22.5), ხოლო ონკოლოგიური დაავადება – 4.3%-ს (95% CI 3.4-5.2).

ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული. ყველა შემთხვევაში დაავადება გართულებული იყო სუნთქვის უკმარისობით. გარდაცვლილთა 98.2%-ს აღენიშნებოდა პნევმონია (95% CI 97.5-98.7), რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 25.4%-ს (95% CI 23.5-27.4), ხოლო 23.5%-ში განვითარდა გულის უკმარისობა (95% CI 21.6-25.4.9)”,- ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები