მარიამ ქვრივიშვილი: არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური აქტივობების ზრდას უზრუნველვყოფთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორქ პაპოიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო – სომხეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები როგორც ორმხრივ, ისე გაფართოებულ ფორმატში. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები.
„სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა იმისთვის, რომ ორმა ქვეყანამ გააგრძელოს მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება. ასევე განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, ისევე როგორც ახალი ინიციატივები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტზე, ლოგისტიკაზე, ორმხრივ ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველო – სომხეთის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში როგორც რეგიონულ, ისე ორმხრივ ფორმატში.
„დარწმუნებული ვარ, სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შედეგად, ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველვყოფთ საერთო ძალისხმევით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური აქტივობების ზრდას,” – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.