საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაზე იმსჯელეს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივითა და ჩართულობით, ბათუმში, დისკუსია თემაზე „დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე, შობადობის წახალისების საჭირო ღონისძიებებსა და იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომელიც მიმდინარე დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებასა და დამატებით შეფასებას საჭიროებს.
„სამუშაო შეხვედრისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ საქართველოში დემოგრაფიულ პოლიტიკაზე და ამ კუთხით არსებულ კანონმდებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა დემოგრაფიული პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან მოისმინეს.
შეხვედრისას, პროგრამის „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ მიმდინარეობაზე, შედეგებსა და გამოწვევებზე პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა მიმოიხილა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
შეხვედრისას ასევე იმსჯელეს ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
დისკუსიის შედეგად რეკომენდაციათა პაკეტი შემუშავდა, რომელიც შესაბამის უწყებებს დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.