დაკავებული ნავალნი, დამფრთხალი პუტინი და დაშლის პირას მყოფი რუსეთი

კრემლის აქტიური კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ჯერ მოწამლეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი დააკავეს.  რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა პოლიტიკოსი 17 იანვარს  „შერემეტიევოს“ აეროპორტში საპასპორტო კონტროლის დროს აიყვანეს.

საყურადღებოა, რომ ნავალნის თვითმფრინავი რუსეთში “ვნუკოვოს” აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, თუმცა, თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებისა და მოსკოვის გარშემო რამდენიმე წრის დარტყმის შემდეგ, თვითმფრინავი საბოლოოდ “შერემეტიევოში” დაჯდა. სამართალდამცავებმა პილოტს ლოკაცია მიზანმიმართულად იმიტომ შეაცვლევინეს, რომ „ვნუკოვოს“ აეროპორტში ოპოზიციონერს მხარდამჭერები ელოდნენ. გარდა ამისა, ნავალნის გასამხნევებლად მისულ ადამიანებს უსაფრთხოების თანამშრომლებმა „ვნუკოვოს“ ტერიტორიაზე შესვლის ნებაც არ დართეს იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკოსს დასაკავებლად უკვე სხვაგან ელოდნენ. ეს პატარა დეტალი კარგად გვიჩვენებს, თუ რამდენად ეშინია კრემლს ოპოზიციონერის.  ნავალნის თანაშემწემ, კირა იარმუშმა ,,თვითერის,, საკუთარ  გვერდზე დაწერა: „შერემეტიევოში დავფრინდით. ამ მომენტამდე არ მჯეროდა, რომ ამდენად ეშინოდათ [ იგულისხმება რუსეთის ხელისუფლება]“ .

შინ დაბრუნებულ პოლიტიკოსს 2014 წლის “ივ როშეს” საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევის გამო 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რომ 2018 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ივ როშეს“ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ამას გარდა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პოლიტიკოსს საკუთარი ანტიკორუფციული ორგანიზაციებისთვის შემოწირულობის სახით მიღებული თანხიდან 356 მილიონი რუბლის მითვისებაში ადანაშაულებენ.

ასევე, გასათვალისწინებელია ის დეტალიც, რომ  ქალაქ ტომსკში 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვულ-პარალიტიკური აგენტით ნავალნის მოწამლვასთან კავშირს კრემლი ტრადიციულად უარყოფს. პუტინმა ისიც კი თქვა, რომ, სურვილის შემთხვევაში, რუსეთის სპეცსამსახურები „საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ“. ამ განცხადებით ის ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობისგან დისტანცირების მოხდენას შეეცადა.  თუმცა, ოფიციალური მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, ნავალნის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა.

ალექსეი ნავალნის დაკავება კრემლის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა თუ აღებული ვალდებულებების დარღვევის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ბევრი მიიჩნევს, რომ პირველ ყოვლისა ამ ნაბიჯით კრემლმა უდიდესი დარტყმა თავის თავს მიაყენა. მოსკოვში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ უკანონობას დასავლეთის მხრიდან უდიდესი გამოხმაურება მოჰყვებოდა. პუტინისადმი ბიზნეს წრეებში არსებულ  მზარდ უკმაყოფილებას ერთგულებაც კი ვეღარ აკავებს. კაგებე-ს მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტების თავიდან მოშორება ქვეყანას სანქციების ფასად უჯდება, რაც ეკონომიკურ საქმიანობას აზიანებს. თუმცა, პუტინის მიერ შექმნილ სისტემაში გადაწყვეტილებას უკვე  ძალოვნები (Силовики) იღებენ და არა – სახელმწიფო ინსტიტუტები.  ეს ძალოვნები ვერც პოლიტიკურ გათვლებს აკეთებენ და რუსეთსაც უფსკრულისკენ მიაქანებენ, ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ძალის დემონსტრირებაა. ასეთი ქმედებებით ისინი საპროტესტო მუხტს თავად ზრდიან, რასაც სპეცსამსახურების თავგასულობით ელიტურ წრეებში გაჩენილი უკმაყოფილებაც ემატება.

პარალელურად, დასავლური სამყაროს წარმომადგენლები პუტინს პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას მოუწოდებენ. ისინი კი, ვინც თუნდაც პოლიტიკური ინტერესების გამო ხმას არ იღებენ, ფაქტობრივად, ხელს უწყობენ დანაშაულებრივ რეჟიმს საერთაშორისო სამართლის იგნორირებაში.

კრემლის ბინძურ საქმეებზე ქმედითი, კონკრეტული და გაერთიანებული პასუხია საჭირო, თორემ სხვაგვარად, როგორც ვხედავთ, პუტინის რეჟიმი კვლავ აგრძელებს ოპონენტების წინააღმდეგ სასტიკი საბჭოთა  მეთოდებით ბრძოლას. პუტინის იმპერია ყველა ფეხის ნაბიჯზე არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ალექსეი ნავალნის მოწამვლა და სამშობლოში დაბრუნებისთანავე მისი დაკავება კარგად ასახავს, თუ რა მასშტაბის განუკითხაობა სუფევს ახლა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე იმპერიაში. თუმცა, ეს ფაქტი იმასაც გვიჩვენებს, რომ ავტოკრატი შეშინებულია, მეტიც, პანიკაშია და სულ მალე შესაძლოა, წლების განმავლობაში ნაშენები „ბოროტების სავანე“ თავზე დაემხოს.

სვეტლანა კაცია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები