აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა საბჭოს წევრებმა და კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, განიხილეს საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის წესი, მოისმინეს ახალი შემოთავაზებები და მოსაზრებები, ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის შეფასებით, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.

„განვიხილეთ კომიტეტის მიერ წარდგენილი პრიორიტეტები, რაზეც ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ 2021 წლის მანძილზე. ამასთანავე, შეხვედრის თითოეული მონაწილისგან მოვისმინეთ მოსაზრებები საკითხების პრიორიტეტულობასა და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, რაზეც მათ სურთ, რომ კომიტეტსა და ამ საბჭოს ფარგლებში გავამახვილოთ ყურადღება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დაიგეგმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო განრიგი პანდემიის პირობების გათვალისწინებით.

„გამომდინარე იქედან, რომ ასეთი ყოველდღიური შეხვედრების შესაძლებლობა არ იქნება, გვექნება ინტენსიური ონლაინ კომუნიკაცია. კომიტეტი თავისი გამჭვირვალობის, ღიაობისა და მაღალი ეფექტურობის მიღწევისთვის საბჭოს თითოეული წარმომადგენელის მოსაზრებებს გამოიყენებს და ამ ყველაფერს გარდაქმნის, საბოლოოდ, საინტერესო პოლიტიკის მიღებაში”, – აღნიშნა  ნინო წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები